ბიზნესი
06/10/2022

GHG: ვცდილობთ გავაუმჯობესოთ ჯანდაცვის ხარისხი და ვიყოთ ეკოლოგიური პასუხისმგებელობის მქონე ბიზნესი

"კომპანია ყოველდღიურად ცდილობს შეასრულოს თავისი მისია გააუმჯობესოს ქვეყანაში ჯანდაცვის ხარისხი სერვისებისა და პროდუქტების მზარდ სპექტრში, იყოს ეკოლოგიური პასუხისმგებელობის მქონე ბიზნესი და ხელი შეუწყოს ბაზრის მუდმივ განვითარებას."- ამის შესახებ GHG-ის ინვესტორებთან ურთიერთობისა და დაფინანსების ხელმძღვანელი ქეთევან კალანდარიშვილი აცხადებს.

ცნობითვის, საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი (GHG) აგრძელებს მუშაობას უფრო „მწვანე“ ფუქნციონირებაზე გადასასვლელად ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) და გლობალური გარემოს დაცვის ფონდის (GEF) მხარდაჭერით, ბანკის კლიმატის ცვლილების ფინანსებისა და ტექნოლოგიების გადაცემის ცენტრის (FINTECC) მეშვეობით.  

"ვფიქრობ, ბიზნესმა უნდა დაიწყოს ამ თემაზე ფიქრი და განსაზღვროს ის პრიორიტეტად. თითოეულმა ბიზნესმა უნდა ჩამოაყალიბოს გარემოს დაცვის დღის წესრიგი და ჩართოს ის თავის სტრატეგიულ მიმართულებაში."- ქეთევან კალანდარიშვილი.

GHG-მ დაიწყო დღეისათვის არსებული საუკეთესო მწვანე ტექნოლოგიებისა და აღჭურვილობის გამოყენება, რაც სცილდება საქართველოში მიღებულ სტანდარტულ პრაქტიკას. მათ შორისაა მოწინავე თბოიზოლაცია, მაღალი ეფექტურობის ჩილერები და ქვაბები, LED განათება და ინტეგრირებული განახლებადი ენერგიის წყაროები. ამის შედეგია ენერგიის მოხმარების შემცირება 10 პროცენტზე მეტით ჯანდაცვის დაწესებულებებში.

წელს, EBRD-ის მხარდაჭერით, GHG-მ ჩაატარა თავისი ობიექტების ენერგეტიკული აუდიტი. პროცესმა გამოავლინა რამდენიმე ხარჯთეფექტიანი გზა საქმიანობის გასაუმჯობესებლად, რაც გამოიწვევს ენერგიისა და წყლის დაზოგვას, ასევე, ენერგიის მართვის ახალ სისტემების დანერგვას და შეამცირებს არსებული შენობების გარემოს დაცვის ნაკვალევს.

GHG არის ჯანდაცვის უმსხვილესი პროვაიდერი საქართველოში, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს სტაციონარული და ამბულატორიული სერვისების ფართო სპექტრს 16 საავადმყოფოსა და 35 კლინიკისგან შემდგარი ქსელის მეშვეობით, საერთო ჯამში, დაახლოებით 2500 საწოლით. GHG ასევე მართავს უმსხვილეს სააფთიაქო და სადისტრიბუციო ბიზნესს - 358 აფთიაქით საქართველოში და 8 აფთიაქით სომხეთში, ასევე, უდიდესი დიაგნოსტიკური ცენტრით კავკასიის რეგიონში.

შეგახსენებთ, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) შეფასებით, 2030-დან 2050 წლამდე კლიმატის ცვლილება გამოიწვევს წელიწადში დამატებით 250000 ადამიანის სიკვდილს, მხოლოდ არასრულფასოვანი კვების, მალარიის, დიარეისა და სიცხესთან დაკავშირებული სტრესისგან. ამასთან, აავადმყოფოები იყენებენ მეტ რესურსს და წარმოშობენ მეტ ნარჩენს, ვიდრე მსგავსი ზომის სხვა კომერციული შენობები.