Georgian Airways Cargo პირველ რეისს 25 აპრილს შეასრულებს
ქართული ახალი სატვირთო ავიაკომპანია Georgian Airways Cargo პირველი რეისის შესასრულებლად ემზადება, რომელსაც 25 აპრილს თბილისი-ურუმჩი-თბილისის საჰაერო ხაზზე კომპანია ”ლოგოსთან” თანამშრომლობით განახორციელებს. Georgian Airways Cargo-სა და “ლოგოსის” ერთობლივი პროექტის ფარგლებში ავიაკომპანიას რამდენიმე ჩარტერული რეისის შესრულება უკვე გაწერილიც აქვს.
თუმცა მანამდე, ავიაკომპანიის პირველი საჰაერო ხომალდის სერტიფიცირების პროცესი დასრულდა. როგორც AviaNews-ს ავიაკომპანიის ხელმძღვანელმა ირაკლი მეზვრიშვილმა განუცხადა, მარეგულირებელმა ორგანომ Boeing B737-800-ის რეგისტრაციის, ვარგისობის და ხმაურის სერტიფიცირება უკვე მოახდინა და სატვირთო თვითმფრინავი საბორტო ნომრით 4L-TIG ოპერირების დასაწყებად მზადაა.
Boeing B737-800 რამდენიმე კვირაა თბილისის საერთაშორისო აეროპორტშია პარკირებული. საჰაერო ხომალდი Georgian Airways Cargo-მდე Smartwings-ის ავიაფლოტში ირიცხებოდა და სამგზავრო გადაყვანებს ევროპის შიგნით ახორციელებდა. თუმცა კარგო გადაზიდვებისთვის Boeing-ის მიერ აკრედიტირებულ საწარმოში სამგზავროდან სატვირთო ხომალდად გადაწყობა მოხდა.
B737-800 2000 წელსაა გამოშვებული და სატვირთო ხომალდად გადაკეთების შემდეგ მისი ტვირთამწეობა 25 ტონას შეადგენს.
“Georgian Airways Cargo პირველი ავიაკომპანიაა რეგიონში, რომელიც სატვირთო გადაზიდვებისთვის Boeing 737-800-ს გამოიყენებს. ჩვენი ავიაკომპანიის უპირატესობა მდგომარეობს იმაშიც, რომ აღნიშნული ტიპის საჰაერო ხომალდით შევძლებთ კლიენტებს უფრო მეტი სიხშირე და დაბალი ფასები შევთავაზოთ. საწყის ეტაპზე ჩარტერულ რეისებს განვახორციელებთ, ხოლო შემდგომ რეგულარული რეისების შესრულებასაც დავიწყებთ. ავიაკომპანია საჰაერო ტვირთგადაზიდვას აზიასა და ევროპაში განახორციელებს”, – განმარტავს ირაკლი მეზვრიშვილი.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს საჰაერო ტვირთების ბაზარზე რამდენიმე ქართული სატვირთო ავიაკომპანია ოპერირებს: Geo Sky, TCA და Easy Charter, ხოლო ამიერიდან მათ Georgian Airways-ის შვილობილი ავიაკომპანია “Georgian Airways Cargo დაემატება.