ბიზნესი
12/04/2021

Georgian Airways: აგრესიულად გვინდა Cargo მიმართულების განვითარება

Georgian Airways Cargo-ს ავიახომალდი Boing B737-800 პირველ სატვირთო საჰაერო რეისს ჩინეთში შეასრულებს. ზუსტი თარიღი ჯერჯერობით უცნობია. ამ ეტაპზე ავიახომალდი უკვე თბილისის საერთაშორისო აეროპორტშია და სერტიფიცირების პროცესს გადის.

როგორც „ბიზნესპარტნიორთან“ „აირზენას“ გენერალური დირექტორი, რომან ბოკერია აცხადებს, ავიაკომპანია Cargo მიმართულების განვითარებას აქტიურად აპირებს და მეორე ხომალდის ჩამოყვანასაც გეგმავს.

„ეს მოვლენა ისტორიულია საქართველოს ეროვნულ ავიაციაში. 28 წლის განმავლობაში პირველად Georgian Airways-მა გახსნა cargo მიმართულება. მსოფლიოს ახალი მოთხოვნებიდან გამომდინარე პანდემიამ ავიაცია შეცვალა, შესაბამისად, გაიზარდა ტვირთების გადაზიდვის მაჩვენებელი. ჩვენ შევეწყვეთ ამ ახალ რეალობას და დავიწყეთ cargo მიმართულების განვითარება. ეს საქართველოს ეროვნული ავიაციისთვის ახალი ფურცელია, ახალი თავი ჩვენს ისტორიაში. ძალიან ამაყები ვართ ამ მიმართულებით. ეს პირველი თვითმფრინავია, რომელსაც მოჰყვება მეორე თვითმფრინავი და აგრესიულად გვინდა cargo მიმართულების განვითარება. ამით საქართველოს შევუწყობთ ხელს, რომ Cargo მიმართულებით რეგიონის ჰაბი იყოს“,- აღნიშნა ბოკერიამ.

მისივე განმარტებით, მეორე ავიახომალდის ჩამოყვანაზე მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს.

„იქიდან გამომდინარე, რომ cargo ტვირთების მიმართულებით ძალიან დიდი მოთხოვნაა, გვინდა, რომ მისი დაკმაყოფილება ჩვენი ფლოტით შევძლოთ. შესაბამისად, პირველ თვითმფრინავს მოჰყვება მეორე. ამ მიმართულებით ბაზარზე აგრესიულად შესვლას და რეგიონში ლიდერის პოზიციის დამკვიდრებას ვაპირებთ“,- განაცხადა „აირზენას“ დირექტორმა.

Georgian Airways-მა Boing B737-800 ლიზინგით შეიძინა. ავიახომალდი მანამდე კომპანია SmartWings-ის საკუთრებაში იყო და მას მგზავრები ევროპის მასშტაბით გადაჰყავდა. თუმცა, შემდეგ თვითმფრინავი ტვირთების გადასაზიდად მოეწყო. მისი მაქსიმალური მოცულობა 25 ტონაა. „აირზენაში“ აცხადებენ, რომ Georgian Airways Cargo ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აზიის სატვირთო ბაზრების მოცვას აპირებს.