Georgia Capital-ი თეკუნა გაჩეჩილაძის სარესტორნო ბიზნესიდან გავიდა
ჰოლდინგ Georgia Capital-სა და ცნობილი შეფ-მზარეულის თეკუნა გაჩეჩილაძის 4 რესტორნის პარტნიორობა დასრულდა. როგორც “ბიზნესპარტნიორს“ თეკუნა გაჩეჩილაძემ განუცხადა, მიზეზი Georgia Capital-ის მომსახურების სფეროდან გასვლაა.
„2021 წლის იანვრიდან ყველა ჩემი რესტორანი 100%-ით ჩემს საკუთრებაშია. Georgia Capital-მა გააჩერა ყველა ასეთ მიმართულებაში ინვესტიციის ჩადება, ძალიან მეგობრულად დავშორდით. დიდი და კარგი პარტნიორობა გვქონდა, მაგრამ აღარ გააგრძელეს ამ სფეროში ინვესტიციების ჩადება,“ - აცხადებს გაჩეჩილაძე.
შეგახსენებთ, Georgia Capital-ის სტუმარ-მასპინძლობის ბიზნესი თეკუნა გაჩეჩილაძის 4 რესტორნის 50%-იან პარტნიორად 2019 წლის დეკემბრიდან შევიდა. გარიგების მთლიანი ღირებულება 1.3 მილიონი ლარი იყო.
შეფ-მზარეულ თეკუნა გაჩეჩილაძის რესტორნების ქსელი აერთიანებს მაღალი კლასის სამ რესტორანსა და კულინარიულ სკოლას, რომელსაც ქართულ ბაზარზე ანალოგი არ ყავს.ქსელი წარმოდგენილია სამი რესტორნით: კულინარიუმ ხაშერია, რესტორანი ლიტერა და ტაკერია.