გაზრდილი სატრანსპორტო ხარჯის გამო A-MANATI მუშაობას დროებით აჩერებს
გადამზიდავმა კომპანიამ A-MANATI მუშაობა დროებით შეაჩერა. როგორც კომპანიაში „ბიზნესპარტნიორს“ განუცხადეს, მიზეზი ტრანსპორტირების ტარიფების ზრდაა.
კომპანიაში განმარტავენ, რომ ასეთ პირობებში არ ღირს მუშაობა, რადგან A-MANATI-ს მიერ გაზრდილი ხარჯის ფასში ასახვა შეამცირებს ბრუნვას.
„უკვე 14 წელია ვართ ბაზარზე და მუდმივად ვინარჩუნებდით ძველ ტარიფს და მომხმარებლებს, მაგრამ ბოლო პერიოდში ეს შეუძლებელი აღმოჩნდა. ფასი მხოლოდ 1 ევროთი 8 ევრომდე გავზარდეთ, თუმცა, ეს მომხმარებლებზე მძიმედ აისახა. ვცდილობთ, ძველ ტარიფებს დავუბრუნდეთ, რისთვისაც აქტიურ მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ 2 ავიაგადამზიდავთან, რათა ჩვენი მომხმარებლებისთვის უცხოეთიდან ამანათების მიღება ისევ კომფორტული იყოს.
ჩვენი საწყობები (გერმანია,ესპანეთი,ამერიკა) ამანათებს ჩაიბარებს 18 მაისის ჩათვლით. 18 მაისის შემდეგ მისულ ამანათებზე კომპანია იხსნის ყველანაირ პასუხისმგებლობას,” - აღნიშნავენ კომპანიაში.
შეგახსენებთ, www.A-MANATI.com წარმოადგენს გადამზიდავი კომპანია AMANATI UG-ის ოფიციალურ ვებ-გვერდს, რომელიც 2010 წლის 26 აგვისტოს დაარსდა.
A-MANATI პროდუქციის ტრანსპორტირებას ახორციელებდა გერმანიიდან, ესპანეთიდან,აშშ-დან და ჩინეთიდან.