ბიზნესი
18/12/2020

“გავაძლიერებთ დაცვის სამსახურს და გავაკონტროლებთ რიგებს“ – BEKO

საყოფაცხოვრებო ტექნიკის მაღაზიათა ქსელი Beko-ს გენერალური დირექტორი  „ბიზნესპარტნიორთან“  სავაჭრო მოლებისა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოვალეობის შემსრულებელს შორის შეხვედრის შესახებ ესაუბრა.  მეჰმედ მელექის განცხადებით, უწყებათშორისი საბჭო, რომელსაც ნათია თურნავა სავაჭრო ცენტრების მოთხოვნებს გააცნობს,  24 დეკემბრიდან ან ცოტა ადრე, მოლების გახსნის გადაწყვეტილებას მიიღებს.

როგორც მეჰმედ მელექი აცხადებს, სავაჭრო ცენტრების მოთხოვნები კი შემდეგია: მოლები გაიხსნას 24 დეკემბერს ან რამდენიმე დღით ადრე და შემცირდეს, გადავადდეს   ან  მოიხსნას ქონების გადასახადი.

თავის მხრივ  კერძო სექტორი იღებს ვალდებულებას, რომ მკაცრად დაიცვას და გააკონტროლოს რიგები და ხალხის ნაკადი.

„ასევე ჩვენი თხოვნაა, რომ მაღაზიები გაიხსნას მაგალითად, დილის 08:00 საათიდან და იმუშაოს 20:00 ან 21:00 საათამდე. შესაბამისად, აღნიშნულ დღეებში კომენდანტის საათის დაწყების დრომაც  რამდენიმე საათით გადაიწიოს. ორშაბათს ამ საკითხებს საკოორდინაციო საბჭოზე განიხილავენ და საღამოს ალბათ პასუხი გვეცოდინება. დიდი იმედი მაქვს, რომ ყველაფერი  კარგად იქნება,“ - აცხადებს მეჰმედ მელექი.

მისივე განცხადებით, BEKO მზად არის რომ გააკონტროლოს რიგები, გააძლიეროს დაცვის სამსახური.  

არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ ქვეყანაში მოქმედი წერტილოვანი შეზღუდვების გამკაცრებისა და გაფართოების გადაწყვეტილება მიიღო, შედეგად რესტორნები და კვების ობიექტები გატანის სერვისს სთავაზობს მხოლოდ მომხმარებელს. დახურულია სავაჭრო ცენტრები (მოლები), არ მოძრაობს საზოგადოებრივი ტრანსპორტი.