გაურკვეველ ვითარებაში ვარ, ხვალ ვიხსნები თუ არა, არ ვიცი – სავაჭრო ცენტრი “საბა“
სავაჭრო ცენტრი „საბას“ ხელმძღვანელი პაატა კაჭარავა „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, რომ გაურკვეველ ვითარებაშია და ამ დრომდე არ იცის, ხვალიდან აქვს უფლება გახსნას სავაჭრო ცენტრი, თუ არა.
ამ დროისთვის კომპანია ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის გადაწყვეტილების მოლოდინშია.
კაჭარავას განცხადებით, მათთან მიმართებაში უსამართლო მიდგომაა ან კანონის არცოდნასთან გვაქვს საქმე.
„სავაჭრო მოლების და ცენტრების განმარტება კანონში არ არსებობს. განმარტებულია ის, თუ ვის ენიჭება ბაზრობის სტატუსი. საგადასახადო კოდექსის 26-ე მუხლით ბაზრობის სტატუსი ვალდებულია მიენიჭოს მეწარმეს, ვისაც ფართი 10-ზე მეტ სუბიექტზე აქვს იჯარით გაცემული. მოლებს თუ ბაზრობის სტატუსი აქვთ, მაშინ კანონგარეშე არიან. თუ სტატუსი აქვთ, მაშინ ჩვენ რატომ გვაყენებენ მათთან არათანაბარ პირობებში. მით უმეტეს, რომ „საბას“ ტერიტორია მოლებზე ბევრად უკეთესადაა დაცული უსაფრთხოების თვალსაზრისით. ულტრაიისფერი ნათებით მაქვს ფილტრაცია ჰაერის ნაკადების გაკეთებული, ყველაფერი უმაღლეს დონეზეა, ამაში ძალიან დიდი თანხა დავხარჯეთ, რადგან პირველ რიგში, ჩვენ აქცენტი ჯანმრთელობაზე გვქონდა გაკეთებული,“ - აცხადებს კაჭარავა.
„საბას“ ხელმძღვანელი განმარტავს, რომ ამ დროისთვის „საბას“ 1000-მდე მოიჯარე ჰყავს, თითო მაღაზიაში კი მინიმუმ 3-4 ადამიანია დასაქმებული. პაატა კაჭარავას განცხადებით, პირველი ლოკდაუნის დროს „საბამ“ 2 მილიონ ლარამდე დაზარალდა. კითხვაზე, რამდენს ზარალობს კომპანია ახლა, კაჭარავა აცხადებს, რომ საუბარი შეიძლება რამოდენიმე მილიონზე იყოს.
გაიხსნება თუ არა სავაჭრო ცენტრი “საბა“ - თემაზე კომენტარს „ბიზნესპარტნიორი“ შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტისგან ელოდება.
შეგახსენებთ, 24 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით იხსნება სავაჭრო მოლები. შეზღუდული რჩება მუნიციპალური და საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა, ვერ გაიხსნება ბაზრობები.