ბიზნესი
19/05/2023

გასტრონომი: ჩვენი გაყიდვები ტურისტული სეზონის მოახლოებასთან ერთად უმჯობესდება

ქვეყანაში ტურისტების რაოდენობის მატება რითეილ სექტორზე დადებითად აისახა.  ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორს“  “გასტრონომ ჯგუფის” მარკეტინგის მენეჯერმა  ნინი ბერძენიშვილმა განუცხადა.

მისი ინფორმაციით, წლევანდელი წლის გაყიდვების დინამიკა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მზარდია და მაჩვენებლები ტურისტული სეზონის მოახლოებასთან ერთად უმჯობესდება.

„ჩვენი მაღაზიების მომხმარებლების 85% ქართველი, ადგილობრივი მოსახლეობაა, ხოლო 15% ტურისტები არიან (ცვალებადია სეზონურობიდან გამომდინარე),“ -აცხადებს ბერძენიშვილი.

როგორც ქსელური მაღაზიათა ქსელი „გასტრონომის“ მარკეტინგის მენეჯერი აღნიშნავს, მოსალოდნელია კიდევ ახალი ფილიალის გახსნა როგორც თბილისში, ასევე მის ფარგლებს გარეთ. ამას გარდა სამომავლოდ განიხილება ქვეყნის გარეთ ე.წ. ფრენჩაიზით გასვლა, თუმცა აღნიშნული ინფორმაცია ამ ეტაპზე დამუშავების ეტაპზეა.

შეგახსენებთ, “გასტრონომ ჯგუფი” პრემიუმ დელიკატესების 6 მაღაზიას, განსხვავებული კონცეფციის 4 რესტორანსა და სახლის დეკორისა და სამზარეულოს აქსესუარების კონცეპტუალურ შოურუმს აერთიანებს.

კომპანია, რომლის ბიზნესკონცეფცია არის კვების ინდუსტრიაში საზოგადოებისთვის გასტრონომიული ცოდნისა და გემოვნების განვითარება, უკვე მეოთხე წელია ქართულ ბაზარზე პოზიციონირებს.

„პრემიუმ დელიკატესების მაღაზიათა ქსელი „გასტრონომი“ პირველ რიგში, ასოცირდება ხარისხთან, ექსკლუზიურ გემოებთან, მომხმარებელზე ორიენტირებულ სერვისთან და ახალ კულინარიულ აღმოჩენებთან,“-აცხადებს ბერძნიშვილი.