გაყიდვების პროცესის 2-3 კვირაში წარმოება შეუძლებელია - Myway ავიამიმოსვლის აღდგენის გეგმაზე
ავიაკომპანიები მთავრობისგან საერთაშორისო ავიამიმოსვლაზე შეზღუდვების მოხსნის გეგმის წარდგენის მოლოდინში არიან.
როგორც Myway Airlines-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი, თამარ ქობულაშვილი „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, გაყიდვების პროცესის 2-3 კვირაში წარმოება შეუძლებელია და მთავრობას გეგმა ამ დრომდე უნდა წარედგინა.
„ამ ეტაპზე მთავრობის მიერ შემუშავებულ გეგმას ველოდებით, რომელიც შემსუბუქებაზე იქნება ორიენტირებული. სანამ ეს გეგმა არ გვეცოდინება, ძალიან ძნელია გარკვეული საკითხების გათვლა. ასეთ სიტუაციაში, როდესაც რეგულარული ფრენების აღდგენაზე ვსაუბრობთ, ეს ავიაკომპანიის მხრიდან მარტივად შესასრულებელი პროცესი არ იქნება. 2-3 კვირაში აწარმოო გაყიდვების პროცესი, ეს რასაკვირველია არარეალურია. ამასთან, გასათვალისწინებელია ის გარემოება, რამდენად გაგვიხსნიან კონკრეტული ქვეყნები საზღვრებს, სადაც ფრენების აღდგენას ვაპირებთ.
ასევე, გასათვალისწინებელია, რა დათქმით გაიხსნება ეს საზღვრები. მგზავრებმაც უნდა იცოდნენ, რა რეგულაციების დაცვა მოუწევთ ამა თუ იმ ქვეყანაში შესვლის დროს. სანამ ეს ყველაფერი არ გვეცოდინება, ელემენტარულად ვერ განვსაზღვრავთ ფრენის სიხშირეს. გაყიდვების წარმოება შემდეგ უკვე ძალიან დიდი პროცედურაა. გეგმებზე საუბარი უფრო რელევანტური მას შემდეგ იქნება, რაც გვეცოდინება გეგმა, თარიღი და ასე თუ ისე დასტაბილურდება სიტუაცია“,- აღნიშნა ქობულაშვილმა.