გაყიდვები 90%-ით შეგვიმცირდა - “ტოიოტა ცენტრ თბილისი“ 2020 წელს აჯამებს
„ტოიოტა ცენტრ თბილისის“ პრეზიდენტი ირაკლი გურჩიანი „ბიზნესპარტნიორთან“ 2020 წელს აჯამებს და აცხადებს, რომ გაყიდვები გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით დაახლოებით 90%-ით შემცირდა. მიზეზი პანდემია და ამის შედეგად ქვეყანაში არსებული სოციალურ-ეკონომიკური ფონია.
როგორც გურჩიანი აცხადებს, მიმდინარე წელს მომხმარებელი უპირატესობას შედარებით ბიუჯეტურ ავტომანქანებს ანიჭებს.
მისი ინფორმაციით, წელს ბიზნესისთვის ერთ-ერთი გამოწვევა ლარის კურსი იყო.
“ჩვენ ფასები ლარში გვაქვს დაფიქსირებული, მომსახურებაც. როდესაც ხელშეკრულებას დავდებთ, შემდეგ ფასს ვერ ვცვლით, სახელმწიფო ორგანიზაციებთან ძირითადად ასეა. ბოლო დროს ნაწილების მიწოდება გვიწევს ზარალში, ვერფერს ვცვლით. გასულ წელს 2.40-იან ნიშნულზე გვქონდა გათვლილი, წელს კი რა კურსია იცით, 3-ს აღემატება,“ - აცხადებს ირაკლი გურჩიანი.
„ტოიოტა ცენტრ თბილისის“ პრეზიდენტი 2021 წლის მოლოდინებზეც საუბრობს და აცხადებს, რომ თუ სიტუაცია და ვითარება დალაგდა, კომპანია 2019 წელს არსებულ ნიშნულს საშუალოდ 3-4 წელში დაუბრუნდება. წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ ეპიდემიოლოგიური ვითარება ასეთ დონეზე დარჩა, კომპანია გაკოტრებამდე მივა.
„თუ თებერვლიდან დაიწყება ეკონომიკის გახსნა, მათ შორის, საზღვრების, მაშინ ვფიქრობ, რომ სწრაფად ამოვქაჩავთ,“ - აცხადებს გურჩიანი.