ბიზნესი
23/03/2021

Galt & Taggart-ის შეფასებით, საქართველოში 2020 წელს 226 000-მდე მანქანა გაიყიდა

საქართველოში 2020 წელს ავტომობილების შიდა გადაყიდვები წლიურად 18%-ით 226 ათას მანქანამდე შემცირდა, - ასეთია Galt & Taggart-ის საავტომობილო ბაზრის შეფასება.

კვლევაში მითითებულია, რომ ყველაზე მკვეთრი შემცირება მე-2 (-47.9% წ/წ) და მე-4 კვარტლებში (-21.0% წ/წ) იყო, როდესაც პანდემიასთან დაკავშირებული მკაცრი შეზღუდვები მოქმედებდა.

კვლევის ფარგლებში კომპანია

ავტომობილებზე ადგილობრივი მოთხოვნის შესაფასებლად კომპანიამ ავტომობილების განბაჟების მონაცემებს და შიდა გადაყიდვებს დააკვირდა. Galt & Taggart-ში მიიჩნევენ, რომ 2020 წელს ავტომობილების განბაჟება რეალურ სურათს არ ასახავს, რადგან საგარეო მოთხოვნის შემცირების შედეგად ავტოდილერები იძულებულები გახდნენ განებაჟებინათ ავტომობილები და განბაჟება 9.1%-ით გაიზარდა.

"რუსთავის ავტობაზრობა რეგიონში მეორადი მანქანების ყველაზე დიდი ბაზარია, სადაც ადგილობრივი და რეგიონის სხვა ქვეყნების მოქალაქეები ყიდულობენ ავტომობილებს. პანდემიასთან დაკავშირებულ სამოგზაურო შეზღუდვებთან ერთად, რუსთავის ავტობაზრობის დროებითმა დახურვამ შეაფერხა მეორადი მანქანების ექსპორტი 2020 წელს. ავტო-დილერების მხარდასაჭერად, მთავრობამ 2020 წლის მაისამდე იმპორტირებული ავტომობილების განბაჟების ვადა ჯერ 2021 წლის მარტამდე, შემდეგ 2021 წლის ივნისამდე გაახანგრძლივა. 2020 წელს საქართველოში განბაჟებული ავტომობილების რიცხვი წლიურად 9.1%-ით 67.0 ათასამდე გაიზარდა, რადგან ბევრ დილერს მოუწია რე-ექსპორტის მიზნით შემოყვანილი ავტომობილების განბაჟება, შემცირებული საგარეო მოთხოვნის გამო," - განმარტებულია კვლევაში.

მიუხედავად იმისა, რომ 2020 წელს ავტომობილების გადაყიდვები მკვეთრად შემცირდა (-18% წ/წ), ავტომობილებზე საშუალო ფასებმა მხოლოდ 5%-ით დაიკლო, ზოგიერთ ბრენდზე კი ფასები პირიქით, გაიზარდა. ავტო-დილერების განმარტებით, მეორადი ავტომობილების ფასები გაიზარდა ონლაინ ავტო-აუქციონებზე, რაც ბაზარზე პანდემიით გამოწვეულ ცვლილებებს უკავშირდება.

 

Businesspartner