ბიზნესი
26/07/2023

გალტ & თაგარტმა საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში ეკონომიკური და სექტორული პრეზენტაცია გამართა

საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში გალტ & თაგარტის პრეზენტაციის ფარგლებში, ეკონომიკური ტენდენციები, საქართველოში და გლობალურად საპროცენტო განაკვეთების დინამიკა და უძრავი ქონების და ელექტროტექნიკის სექტორში მიმდინარე ტენდენციები განიხილეს. პრეზენტაციას უძღვებოდნენ გალტ & თაგარტის ეკონომისტები და შესაბამისი დარგის ანალიტიკოსები.

აღსანიშნავია, რომ მიმოხილვამ მოიცვა საქართველოს ძირითადი მაკროეკონომიკური პარამეტრების პროგნოზები, ლარი/დოლარი/ევროს საპროცენტო განაკვეთების მოლოდინები. ასევე, საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზრის ტენდენციები, როგორც თბილისში, ისე ბათუმში, გუდაურსა და ბაკურიანში. შეხვედრაზე, ასევე, განიხილეს ელექტროტექნიკის სექტორი, სადაც ბოლო წლებში მნიშვნელოვანი გავლენა ჰქონდა როგორც პანდემიას, ისე გლობალურ ბაზარზე მიკროჩიპების დეფიციტსა და მიგრანტების ტალღას საქართველოში. ამასთან, პრეზენტაციაზე ყურადღება გამახვილდა იმ ძირითად ფაქტორებზე, რასაც გავლენა აქვს მიმდინარე ტენდენციებსა და პროგნოზებზე.

შეხვედრა ინტერაქციულ ფორმატში წარიმართა, რომლის ფარგლებში ასოციაციის წევრებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაესვათ მათთვის აქტუალური კითხვები.

„გალტ & თაგარტმა საკმაოდ ამომწურავი და  საინტერესო მაკროეკონომიკური ანალიზი წარუდგინა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრ კომპანიებს. საუბარი შეეხო როგორც ეკონომიკურ ტენდენციებს, ასევე, საპროცენტო განაკვეთების დინამიკას, უძრავი ქონებისა და ელექტროტექნიკის სექტორში არსებულ ვითარებას და ტენდენციებს. მიგვაჩნია, რომ მსგავსი სახის სიღრმისეული ანალიზი და პროფესიული დისკუსიები მნიშვნელოვანია ბიზნეს სექტორის ინფორმირებულობის და სწორი პროგნოზირების თვალსაზრისით.

ასოციაციაში ასეთი ტიპის შეხვედრებმა და პროფესიულმა მსჯელობებმა უკვე რეგულარული ხასიათი მიიღო. ამგვარი პრეზენტაციებისა და დისკუსიების გზით, BAG -ში გროვდება ძალიან დიდი მასალა, პროფესიული ცოდნა  და გამოცდილება, რომელსაც შემდგომ ჩვენ ხელისუფლებასთან სხვადასხვა საკითხებზე მსჯელობისას ვიყენებთ.

მადლობას ვუხდით ჩვენი ასოციაციის წევრს, „გალტ & თაგარტს“ თანამშრომლობისთვის. როგორც ზემოთაც ითქვა, საქართველოს ბიზნეს ასოციაცია ყოველთვის მზად არის საკუთარი პლატფორმა დაუთმოს ამ ტიპის პროფესიულ და საინტერესო დისკუსიებს, რაც, თავის მხრივ, ძალიან მნიშვნელოვანი და ღირებულია“ განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ.

 

 

Businesspartner