გაერომ თამაშის შექმნა ქართულ კომპანიას დაუკვეთა - რას წარმოადგენს "პერსონა“
ქართველების მიერ შექმნილი სამაგიდო თამაშებით სულ უფრო მეტი უცხოური კომპანია, ცნობილი საერთაშორისო ორგანიზაცია, თუ სამაგიდო თამაშების საერთაშორისო ექსპერტი ინტერესდება. ორგანიზაციებს შორის არიან ისეთებიც, როგორიც - მაგალითად გაეროა.
სამაგიდო თამაში სახელად „პერსონა“ უკვე მზად არის და სავარაუდოდ, ის საქართველოშიც უახლოეს პერიოდში გაიყიდება. სამაგიდო თამაში კომპანია „ბიჯი ერა გეიმსმა“ შექმნა.
როგორც „ბიზნესპარტნიორს“ თამაშის შემქმნელი კომპანიის თანადამფუძნებელმა ნიკა ნადირაძემ განუცხადა, ქართული სამაგიდო თამაშები თავისი ვიზუალით დაწყებული, თამაშის მექანიკით დასრულებული, უცხოელი მყიდველისთვის უცხოა და სწორედ ამ მახასიათებლებით შეუძლია ქართულ სამაგიდო თამაშებს საზღვრებს გარეთ პოპულარობა მოიპოვოს და უცხოურ ანალოგებთან კონკურენციაში შევიდეს.
„გაეროს მოსახლეობის ფონდის დაკვეთით უკვე დავასრულეთ მუშაობა სოციალურ-დედუქციურ სამაგიდო თამაშზე, რომელიც სოციალურ პრობლემებს ეხმაურება. გარდა ამისა, არის ძალიან სახალისოც. ის უკვე გამოვეცით, დავტესტეთ და ძალიან მოეწონათ გაეროს მოსახლეობის ფონდში. რამდენიმე საერთაშორისო გამოფენაზეც კი წაიღეს და ჩვენმა თამაშმა უცხოელი მყიდველების დიდი ინტერესი გამოიწვია. იმედი გვაქვს, რომ მალე ამ თამაშს საქართველოშიც დაბეჭდავენ“, - აღნიშნა ნიკა ნადირაძემ.
მისივე ინფორმაციით, საერთაშორისო ბაზრების გარდა, ქართული სამაგიდო თამაშების ცნობადობა და გაყიდვების მაჩვენებელი მზარდია საქართველოშიც.
„ბიჯი ერა გეიმსს“ კორპორაციული შეკვეთებიც აქვს და ის, სხვადასხვა კომპანიისთვის მათზე მორგებულ სამაგიდო თამაშს ქმნის.