"ფორმულა ქონსთრაქშენი" ქართული სამშენებლო მასალების ევროკავშირის ბაზარზე ექსპორტს იწყებს
სამშენებლო მასალების საწარმო "ფორმულა ქონსთრაქშენს“ საქართველოში წარმოებული პროდუქციის ევროკავშირის ბაზარზე გატანას იწყებს.
საწარმო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ დახმარებით არის შექმნილი და აღჭურვილია უახლესი ტექნოლოგიებით, მანქანა-დანადგარებითა და ულტრათანამედროვე ლაბორატორიით.
საწარმო სხვადასხვა სახეობის მშრალ ნაზავს, წებო-ცემენტს, ბათქაშს, თვითსწორებად იატაკსა და სხვა სახის პროდუქციას აწარმოებს. საწარმო 2018 წელს შეიქმნა და მასში 5 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდა.
„საწარმო ამოქმედდა და შეიქმნა ჩვენი პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ დახმარებით და გარდა იმისა, რომ საქართველოს ბაზარს ამარაგებენ, დღეს პირველი დღეა, როცა პროდუქციას ექსპორტზე უშვებენ ევროკავშირში, კერძოდ ლიეტუვაში. გვეამაყება, რომ ეს საწარმო სწორედ ჩვენი დახმარებით მოქმედებს, 30 ადამიანს ასაქმებს და ამავდროულად აქვს პერსპექტივები, გააფართოვონ ბაზარი, ევროკავშირს მიაწოდონ საქართველოში წარმოებული საშენი მასალები და გაზარდონ დასაქმებულთა რიცხვი“, - აღნიშნა ნათია თურნავამ. ეკონომიკის მინისტრმა საწარმო სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორთან მიხეილ ხიდურელთან ერთად დაათვალიერა.