ბიზნესი
29/03/2023

ფოფსი: ძაღლისთვის სამოსს სულ უფრო მეტი ადამიანი ყიდულობს

2020-2021 წლებთან შედარებით, 2022 წლისთვის ოჯახების რაოდენობა, რომლებმაც აიყვანეს, ან შეიძინეს შინაური ცხოველი 4-5-ჯერ გაიზარდა, - ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორს“ ძაღლის ტანსაცმლისა და აქსესუარების მწარმოებელი  ქართული ბრენდის „ფოფსის“ დამფუძნებელმა, გვანცა წერეთელმა განუცხადა. მისივე თქმით, შედეგად გაიზარდა მისი კომპანიის გაყიდვების მაჩვენებელიც.

„როგორც იცით, „ფოფსი“ 2020 წელს დავაარსეთ. მაისი-ივნისის თვიდან დავიწყეთ თარგებზე მუშაობა და პირველი პროდუქცია ბრენდის სოციალურ პლატფორმაზე ოქტომბრის ბოლოს დავდეთ. გაყიდვები პირველი დღიდანვე აქტიურად დაიწყო, მომხმარებელი ძალიან კარგად შეხვდა ქართულ პროდუქციას. იმ დროისთვის, ბაზარზე პროდუქტი უკვე მოთხოვნადი იყო, თუმცა, 2020-2021 წლებთან შედარებით, გაყიდვების კუთხით, გასული წელი გაცილებით შედეგიანი აღმოჩნდა“, - აღნიშნა წერეთელმა.

მისივე განმარტებით, ძაღლის ტანსაცმელსა და აქსესუარებზე გაზრდილი მოთხოვნის ფონზე, კომპანიამ "შოურუმის" გახსნის გადაწყვეტილებაც მიიღო, სადაც მომხმარებელი დაათვალიერებდა და ადგილზე შეიძენდა პროდუქციას.

„გასული წლის აპრილის დასაწყისში, „გუდვილის“ დიდი დიღმის ფილიალის სივრცეში გავხსენით პატარა, მაგრამ ძალიან ლამაზი მაღაზია-კუნძული. სასიხარულოა ის ფაქტი, რომ მაღაზიამ შეძლო პირველივე თვიდან თავის შენახვა და მოგებაზე გასვლაც“, - აღნიშნა „ფოფსის“ დამფუძნებელმა.

მისივე თქმით, კომპანიამ თანამშრომლობა დაიწყო რამდენიმე ზოომაღაზიასთან და ერთ პატარა სავაჭრო ქსელთანაც, სადაც „ფოფსის“ პროდუქცია ასევე იყიდება.

„წლიურ ჭრილში, 2022 წელს, ჩვენს პროდუქტზე წინა წლებთან შედარებით მნიშვნელოვნად გაზრდილი იყო მოთხოვნა და ეს ტემპი ახლაც შენარჩუნებულია“,-განუცხადა „ბიზნესპარტნიორს“ გვანცა წერეთელმა და ისიც აღნიშნა, რომ კომპანიამ ახალ პროექტებზეც მუშაობს, რომლებსაც მალე დაანონსებს.

ცნობისთვის, ძაღლის ტანსაცმლისა და აქსესუარების მწარმოებელი ქართული ბრენდი „ფოფსი“ 2020 წელს დაარსდა. ბრენდი აწარმოებს ყველა ჯიშისა და ზომის ძაღლისთვის სხვადასხვა ტიპის სამოსს, აქსესუარებსა და საწოლებს.

Businesspartner