ფეროშენადნობების მწარმოებელი კომპანია MN GROUP-ი მუშაობას ისევ აჩერებს
ფეროშენადნობების მწარმოებელი კომპანია MN GROUP-ი, რომელმაც მუშაობა ცოტა ხნის წინ განაახლა, ისევ წარმოების შეჩერებასა და გადაიარაღების რეჟიმზე გადასვლას გეგმავს.
როგორც კომპანიის დამფუძნებელმა სულხან ხვედელიძემ „ბიზნესპარტნიორთან“ განაცხადა, ბაზარზე დამაიმედებელი პროგნოზები არ კეთდება.
„განვაახლეთ მუშაობა, მაგრამ პერსპექტივას ვერ ვხედავთ და ისევ გავჩერდებით. დამაიმედებელი არაფერი არ ჩანს. ფეროშენადნობებზე ფასები მერყეობს, დაბლა მოდის. თითქმის ყველა საწარმოს შეექმნა პრობლემა. აზრი არ აქვს მუშაობას. კომპანიების უმეტესი ნაწილი ასეთ სიტუაციაშია. საქართველოდან ამერიკაში ექსპორტი ხდება, მაგრამ ფასები იქაც ძალიან დაბალია.
ყველა ამერიკის ბაზარს დააწვა, სხვადასხვა ქევეყნებიდან ჭარბი პროდუქცია შევიდა. აქედან გამომდინარე, არც ამერიკაში არ არის რენტაბელური ქართული ფეროშენადნობების გაყიდვა.“-აცხადებს სულხან ხვედელიძე.
შეგახსენებთ, ევრაზიულ კავშირში საქართველოდან ექსპორტირებულ ფეროშენადნობებზე ანტიდემპინგური გადასახადი ამოქმედა. საბაჟო გადასახადის დაწესების შედეგად, ქართველი მწარმოებლები რუსულ ბაზარზე ექსპორტის შეწყვეტას ელოდნენ.
როგორც სექტორის წარმომადგენლები აცხადებენ, მათი პროგნოზი გამართლდა და ქართული ფეროშენადნობებისთვის რუსეთის ბაზარი ამ გადაწყვეტილების შემდეგ, ფაქტობრივად დაიხურა. ამას დაემატა ისიც, რომ საერთაშორისო ბაზრებზე ფეროშენადნობების ფასები მკვეთრად არის შემცირებული. თუ გასული წლის გაზაფხულზე პროდუქტის ფასი 2500 დოლარი იყო, ახლა ღირებულება 1200 დოლარს შეადგენს.