ბიზნესი
08/09/2021

ფეროშენადნობების ექსპორტი რეკორდულ ნიშნულზეა, ფასი 10 წლიან მაქსიმუმზე

ფეროშენადნობების ექსპორტი რეკორდულ მაჩვენებლებზეა. 10 წლიან მაქსიმუმს მიაღწია საერთაშორისო ბაზრებზე პროდუქციის ფასმაც.

„ბიზნესპარტნიორთან“ ფეროშენადნობთა ასოციაციის პრეზიდენტი, ნუგზარ კევლიშვილი აღნიშნავს, რომ უახლოეს მომავალში ფეროშენადნობებზე ღირებულების შემცირებას არ ელის.

„ზაფხულის პერიოდმა ფეროშენადნობებისთვის განსაკუთრებით კარგად ჩაიარა. მთელ მსოფლიოში ფეროშენადნობების ბაზარზე ფასის რეკორდული ზრდაა. ევროპასა და ჩინეთშიც გაძვირებულია. საინტერესოა, რომ ფასების ამ ზრდას არ მიჰყვებოდა ამერიკის შეერთებული შტატები. ბოლო სამი კვირის გამავლობაში იქაც რეკორდული ზრდა დაფიქსირდა. ფეროშენადნობების ჩატანილმა ფასმა $2 400-იან ზღვარს გადააბიჯა. ეს ათწლეულებია არ ახსოვს სფეროს. მოთხოვნის ზრდამ გამოიწვია ის, რომ მეტის წარმოება გვიწევს. თუმცა, მოთხოვნა იმდენად დიდია, მწარმოებლები ვერ ვაკმაყოფილებთ. ასეთი მაჩვენებლები, ასეთი პერსპექტივა ამ სფეროში 2008 წლის მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის შემდეგ არ ყოფილა. სწრაფი კლება არ არის მოსალოდნელი. ჯერჯერობით ნიშნული ისევ და ისევ ზევით მიიწევს“,- აღნიშნა კევლიშვილმა.

ფეროშენადნობთა ასოციაციის პრეზიდენტი საქართველოდან ექსპორტის რეკორდულად ზრდის ერთ-ერთ მიზეზად ინდოეთში არსებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებას ასახელებს. განმარტავს, რომ სწორედ ინდოეთია ამ სფეროში ქვეყნის მნიშვნელოვანი კონკურენტი, რომელიც პროდუქციით ჩვენს მეზობელ ქვეყნებს ამარაგებდა.

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია ინდოეთის პანდემია. იქ ძალიან მძიმე ეპიდემიოლოგიური სიტუაციაა, შესაბამისად, წარმოება შემცირდა და ამან დეფიციტი გამოიწვია. იგივე, ჩვენს მეზობელ თურქეთში, რომელსაც ძირითადად ინდოეთი ამარაგებდა.