ბიზნესი
29/01/2021

ფერო ელოის ფროდაქშენი: ჩვენ თუ ვალუტა არ შემოვიტანეთ, ლარი როგორ დასტაბილურდება

ელექტროენერგიის ტარიფის გაძვირებამ ფეროშენანობთა მწარმოებელი მცირე და საშუალო კომპანიების ფუნქციონირება კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა. მწარმოებლები არაერთი გამოწვევის წინაშე აღმოჩნდნენ. ფაქტმა უარყოფითად იმოქმედა საერთაშორისო პარტნიორების განწყობებზეც.

„ნედლეული რაც გვაქვს მომარაგებული იმით დაახლოებით 2 თვე ვიმუშავებთ. მერე იძულებული გავხდებით, რომ ამ პროცესს გამოვერთოთ. მეგობარს დავურეკე აზერბაიჯანში და მითხრა, ეს ინფორმაცია გადაცემის წამყვანის შეცდომა იქნება, თორემ 2 დღეში 100%-ით დენს ვინ გაგიძვირებთ, ეგ არ მოხდება, დამიჯერეო. ჩვენი პარტნიორები აზრზე ვერ მოდიან და ვერ გებულობენ, რა მოხდა. ზოგი პარტნიორი გვეუბნება, შენ გადაწყვიტე, რომ მე აღარ მომაწოდო და საბაბად მოგაქვს, ვითომ დენი გაგიძვირდა 3 დღეში 100%-ითო“,- განაცხადა „ბიზნესპარტნიორთან“ „ფერო ელოის ფროდაქშენის“ დირექტორმა, გია ლეჟავამ.

მისივე თქმით, თუ გამოსავალი არ მოიძებნა, ქართველი მწარმოებლები საერთაშორისო ბაზრებს გამოეთიშებიან.

„ვეჭიდავებით ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა ჩინეთი, ინდოეთი, რუსეთი, ამერიკა. ამ ბაზარზე ოფლს ვღვრით, რომ იქიდან არ გამოვვარდეთ. იქ ვინარჩუნებთ ჩვენს პოზიციებს და აქ სემეკმა თავისი გადაწყვეტილებით მიუღებელ მდგომარეობაში ჩაგვაყენა. რას ნიშნავს ორ დღეში 100%-ით მიძვირებ დენის გადასახადს?! ასე ერთი ხელის მოსმით დენის ყველასთვის გაძვირება, ალბათ, უცოდინრობისა და გაუნათლებლობის ბრალია. ჩვენ თუ ვალუტა არ შემოვიტანეთ, ლარი როგორ დასტაბილურდება?“,- აღნიშნა ლეჟავამ.

შეგახსენებთ, რომ ფეროშენადნობი პროდუქციის მწარმობელთა ასოციაციამ ეკონომიკის მინისტრს წერილით მიმართა. მცირე და საშუალო საწარმოები ელექტროენერგიის ტარიფის 90%-ით გაძვირებაზე და ამის გამო წარმოების შეჩერების საფრთხეებზე საუბრობენ.