ბიზნესი
11/05/2022

ფასთა ინდექსაციის წესი ბიზნესს არ მოსწონს - რა შენიშვნები აქვს ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციას

სახელმწიფო ტენდერებში მონაწილე ინფრასტრუქტურულ კომპანიებს ხარჯები მაქსიმუმ 10%-ით დაუკომპენსირდება. მაღალი ინფლაციის პირობებში მთავრობამ კომპანიებისთვის ინდექსაციის წესი აამოქმედა, ცვლილებები მხოლოდ იმ კომპანიებს შეეხება, რომლებიც ინფრასტრუქტურულ პროექტებს მიმდინარე წლის 1 აპრილიდან შეასრულებენ.

ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარე ზვიად თოიძე აცხადებს, რომ ინდექსაციაზე განკარგულების მიღება პოზიტიური მოვლენაა, თუმცა ბევრი დეტალია, რომელსაც არ ეთანხმებიან.

თოიძემ გადაცემაში "ბიზნესპარტნიორი" აღნიშნა, რომ სინამდვილეში კომპენსაცია 10%-ის ნაცვლად 7% გამოდის, რადგან კონტრაქტის ღირებულების 70%-ის ინდექსაცია ხდება, ხოლო კომპენსაცია ამ 70%–ის 10%–ს ეხება, რაც განსაზღვრული მიზნის მიღწევას ვერ დაეხმარება. 

"მხოლოდ თებერვლიდან მარტამდე სამშენებლო მასალებში გაძვირება უკვე არის 6%, შესაბამისად, ჩვენი მოლოდინით, ინდექსი 7%-ს გადაცილდება  და კომპანიები აღმოჩნდებიან გაკოტრების ან პროექტების დასრულების რისკის წინაშე. ამ თემებზე რამდენჯერმე კონსულტაციები გავიარეთ. ჩვენ თავიდანვე ვერ ვეთანხმებოდით "ჩამკეტის" არსებობას, რადგან ამ ტიპის ინდექსაციებში საერთაშორისო პრაქტიკა არ იცნობს ე.წ. "ჩამკეტს". თუ სახელმწიფოს სჭირდება დაადგინოს კომპენსაციის ბიუჯეტი, მათთვის შეიძლება მისაღები იყოს, თუმცა ეს არ უნდა ყოფილიყო 15-20%-ზე ნაკლები.

წარმოუდგენელია, რომ ჩვენნაირმა რეგულირებულმა ბიზნესმა აიტანოს ინდექსისა და ფასების ზრდა და მხოლოდ 7%-ის კომპენსირება მოხდეს. მთავრობის არგუმენტი რეალურად ბიუჯეტი იყო, თუმცა გრძელვადიან პერსპექტივაში არასწორი არგუმენტია. თუ ჩვენი მოლოდინი გამართლდება და ფასების მატება გაგრძელდება, კომპანიების ფუნქციონირება, შესაძლოა, საფთხის ქვეშ დადგეს. დიდი იმედი გვაქვს, ჩვენს შენიშვნებს მთავრობა გაითვალისწინებს," - აცხადებს ზვიად თოიძე.

მისივე თქმით, 2020 წლიდან 2022 წლის მარტის ჩათვლით, სამშენებლო მასალების ფასი 46%-ით გაიზარდა, რასაც რეგულირებული, 8%-იანი მომგებიანობის ბიზნესი ვერ გაუძლებს.