ფარმაცევტული პროდუქციის რეგისტრაციის ვადები მცირდება - პარლამენტმა კანონპროექტი დაამტკიცა
საქართველოში ფარმაცევტული პროდუქციის რეგისტრაციის ვადები მცირდება. ცვლილება "წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ" კანონში შევიდა, რომელიც პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა.
განხორციელებული ცვლილების თანახმად, ბაზარზე დაშვების ვადა მცირდება - აღიარებითი რეჟიმით რეგისტრაციისას 15 დღიდან 7 დღემდე, ხოლო განსხვავებული შეფუთვა-მარკირებით პირველად შემოტანისას 10 დღიდან 5 დღემდე.
კანონმდებლობის თანახმად, საქართველოს ბაზარზე ფარმაცევტული პროდუქტის დაშვება ხდება სახელმწიფო რეგისტრაციის ეროვნული ან აღიარებითი რეჟიმით. ფარმაცევტული პროდუქტის სახელმწიფო რეგისტრაციის აღიარებითი რეჟიმის გამოყენების საფუძველია სხვა ქვეყნის ან სახელმწიფოთაშორისი ფარმაცევტული პროდუქტების მარეგულირებელი სახელმწიფო ორგანოს დიფერენცირება სანდოობის, საკუთარ ბაზრებზე მხოლოდ მაღალი ხარისხის ფარმაცევტული პროდუქტის დაშვების უნარის მიხედვით.
ფარმაცევტული პროდუქტის სახელმწიფო რეგისტრაციის აღიარებითი რეჟიმი გამოიყენება იმ ფარმაცევტული პროდუქტის მიმართ, რომელიც სხვა ქვეყნის ან სახელმწიფოთაშორისი ფარმაცევტული პროდუქტების მარეგულირებელი სახელმწიფო ორგანოს მიერ დაშვებულია შესაბამის ბაზარზე.
ბაზარზე დაშვების ვადები 2020 წელს კორონავირუსის პანდემიის გამო გახანგრძლივდა, რა დროსაც რეგისტრაციის პროცედურების ვადაში წარმოება იყო გართულებული. პროცედურების გახანგრძლივებამ კი, ცვლილებების ინიციატორის თქმით, საქართველოს ფარმაცევტულ ბაზარზე მაღალი ხარისხის სამკურნალო საშუალებების შემოტანა გარკვეულწილად შეაფერხა.
ინიციატორი მიიჩნევს, რომ დაშვების პროცედურების გამარტივება დღევანდელ სიტუაციაში უკვე მიზანშეწონილია. საკანონმდებლო ცვლილების შედეგად კი, ბაზარზე გაიზრდება მაღალი ხარისხსის სამკურნალო საშუალებების წილი და მათზე მოსახლეობის ხელმისაწვდომობა.