ბიზნესი
27/01/2021

ფარმაცევტული კომპანიების ასოციაცია მთავრობას ბაზრის კვლევის ჩატარებას სთხოვს

ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენლთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ირაკლი მარგველაშვილი მთავრობას ფარმაცევტული ბაზრის კვლევის ჩატარებას სთხოვს.

მისი ინფორმაციით, ამის საჭიროება არის რადგან მოსახლეობას აქვს განცდა, ქვეყანაში მედიკამენტებზე ფასნამატი დიდია.

როგორც მარგველაშვილი „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს,  აუცილებელია დადგინდეს, რეალურად რა ფასნამატზეა საუბარი. ამის გაკეთება კი  მხოლოდ სახელმწიფოს შეუძლია, რადგან ქვეყანაში მედიკამენტების იმპორტზე ინფორმაცია და ღირებულება ითვლება კონფიდენციალურად.

მისი განმარტებით, კვლევა შეუძლია ჩაატაროს მხოლოდ შემოსავლების სამსახურმა ან სხვა სახელმწიფო სტრუქტურამ. მარგველშვილი აცხადებს, რომ ვერანაირი კერძო კომპანია ამას ვერ გააკეთებს.

„იმპორტის ფასი არის საბაჟო, კონფიდენციალური ინფორმაცია, რომელიც არსად ჩანს. ჩვეულებრივ სატელეფონო გამოკითვაში ვერ მივიღებთ დეტალურ  ინფორმაციას. ჩვენ თუ რეალური სურათი არ ვიცით, არანაირ შედეგზე საუბარი არ იქნება. საინტერესოა როგორია ფასნამატები, რომელ ჯგუფზე რამდენია. როგორც კი პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტი  დაიწყებს მუშაობას, ამ კითხვით და ინიციატივით აუცილებლად მივმართავთ,“ - აცხადებს მარგველაშვილი.

მისი ინფორმაციით, აუდიტის სამსახურს ჰქონდა საქართველოს ფარმაცევტული ბაზრის კონკურენტუნარიანობის კვლევა, თუმცა, მაშინ დოკუმენტში ფასნამატების რეალურ ანალიტიკაზე საუბარი არ ყოფილა.