"ფანტასმაგორია" ახალ ქართულ ანიმაციას ინოვაციური ტექნოლოგიით იღებს
მაყურებელი 11 წუთიან ახალ, ქართულ ანიმაციურ ფილმს წლის ბოლომდე იხილავს, რომელსაც ე.წ "სტოპ მოუშენის" ტექნოლოგიით იღებენ.
პროექტზე სოციალური საწარმო „ფანტასმაგორია“ მუშაობს, რომლის თანადამფუძნებელი ელენე თავაძე „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, რომ ანიმაციაში მე-20 საუკუნის დასაწყისის თბილისს აცოცხლებენ, ფილმის მთავარი პერსონაჟი კი - პოეტი ქალი ელენეა.
„3 სცენა უკვე გადაღებული გვაქვს. ამინაციას ე.წ "სტოპ მოუშენის" ტექნოლოგიით ვიღებთ. ჩვენი მთავარი გმირი ელენე ყველა იმ ემოციას აჩვენებს, რომლებსაც გადასაღებ მოედანზე პროფესიონალი მსახიობები გამოხატავენ. ისტორია სწორედ მის გარშემო ვითარდება. ფილმში საუბარი ელენეს ვნებებზე, სიყვარულსა და შემოქმედებაზე, ასევე საზოგადოებასთან კონფლიქტზეა, რომელიც როგორც წესი, სიახლეებს მოჰყვება ხოლმე. ჩვენი ფილმიც ერთგვარი სიახლეა და იმედია, საზოგადოება მას კარგად შეხვდება“, - აღნიშნავს ელენე თავაძე.
მისივე ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ მოკლემეტრაჟიან ანიმაციაში თოჯინები თამაშობენ, ის არასაბავშვოა და მოზრდილ მაყურებელზეა გათვლილი.
„ტექნიკური მხარე, რომლითაც თოჯინური ანიმაციის პერსონაჟები იქმნება, ქართული ბაზრისთვის ინოვაციურია. თოჯინების სახეები 3D პრინტერის მეშვეობით იბეჭდება, რაც მათ უფრო მეტყველს ხდის. გვჯერა, რომ თოჯინურ ანიმაციას შეუძლია ნებისმიერი განუხორციელებლი იდეა, რეალობად აქციოს“, - განმარტა „ფანტასმაგორიას“ თანადამფუძნებელმა.
ცნობისთვის, ახალი ქართული ანიმაციური ფილმის სახელი ჯერ უცნობია, ავტორები მას რამდენიმე თვეში, პრემიერის დროს გაამხელენ, რომელიც საქართველოში დეკემბრის თვეში შედგება. ამის შემდეგ კი, ფილმი საერთაშორისო ცხოვრებას დაიწყებს და ის ფესტივალებსა და მარკეტებზე გაიგზავნება.