ბიზნესი
26/03/2021

ფალსიფიცირებული ქართული ღვინო მეზობელი ქვეყნების ბაზარზე - რაზე ჩივიან ქართველი მეღვინეები

ქართველმა მეღვინეებმა აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარესთან, ნინო წილოსანთან შეხვედრაზე დარგში არსებული პრობლემები დაასახელეს. 

მათი თქმით, ბოლო დროს პრობლემათა შორის განსკაუთრებით აქტუალური გახდა მეზობელი ქვეყნების ბაზრის გაჯერება ფალსიფიცირებული ე.წ. ქართული ღვინით, რომელიც მეზობელ ქვეყნებშია წარმოებული, ხოლო მისი რეალიზაცია ხდება როგორც ქართულის, ქართული წარწერით. ეს კი ხელს უშლის ქართველ მეღვინეებს და ამ პრობლემის მოგვარება მათი აზრით, მხოლოდ სახელმწიფოს შეუძლია. 

აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით,  ალკოჰოლური სასმელების წარმოებას მნიშვნელოვანი წილი უკავია ქვეყნის ეკონომიკაში, განსაკუთრებით ექსპორტში და კომიტეტი ყოველთვის მზადაა თავისი უფლებამოსილების ფარგლებში დაეხმაროს ადგილობრივ მეწარმეებს.

„ყველა იმ თემას, რომელიც მათთვის საინტერსო და მნიშვნელოვანი იყო, შევისწავლით და კონკრეტულ ნაბიჯებს გადავდგამთ პრობლემების მოგვარების მიზნით, მათ შორის, ქართული ღვინის ფალსიფიკაციისგან დასაცავად რუსეთსა და უკრაინაში. ამისთვის გამოვიყენებთ ყველა შესაძლო მექანიზმს. სამწუხაროდ, რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობა ამ საკითხს, რა თქმა უნდა, გარკვეულწილად ართულებს, თუმცა რეალური შესაძლებლობა გვაქვს უკრაინასთან მიმართებაში ქართული ღვინის უნიკალურობა დავიცვათ, რათა იქ ქართული ღვინის ფალსიფიცირებას მოეღოს ბოლო“, - განაცხადა შეხვედრის შემდეგ ნინო წილოსანმა.