EVENTOR : ქორწილი მხოლოდ ჭამა-სმა აღარ არის, მომხმარებელი ახლა აქცეტს გაფორმებაზე აკეთებს
საქორწილო ღონისძიების დაგეგმვაზე მოთხოვნა გაზრდილია. როგორც „ბიზნესპარტნიორთან“ ღონისძიებების ორგანიზატორი კომპანია EVENTOR-ის დამფუძნებელი თინათინ პაპუკაშვილი აცხადებს, კომპანიას ივლისის პირველ ნახევრამდე ღონისძიებებზე წინასწარი ჯავშნები უკვე მიღებული აქვს.
„ზოგადად, ქორწილთან დაკავშირებით დამოკიდებულებები შეიცვალა. ქორწილი უბრალოდ სუფრები და მხოლოდ ჭამა-სმა აღარ არის. დიდი აქცენტი კეთდება გაფორმებაზე, ვიზუალურ მხარეზე, ფოტო-ვიდეო მასალასა და გართობის ნაწილზე,“-აცხადებს პაპუკაშვილი.
როგორც კომპანიის დამფუძნებელი აღნიშნავს, საკმაოდ გააქტიურებულია ტურისტების მხრიდან მიმართვიანობა, რაც პაპუკაშვილის ვარაუდით, გამარტივებული ქორწინების რეგისტრაციის პირობებითაა განპირობებული.
აღსანიშნავია, რომ კომპანია ქორწილის გაფორმებისთვის საჭირო მასალას ძირითადად ადგილობრივ ბაზარზე ყიდულობს, თუმცა, გამონაკლის შემთხვევაში კი თურქეთიდან იმპორტსაც ახორციელებს.
პაპუკაშვილის ინფორმაციით, გამომდინარე იქიდან, რომ გაძვირდა მასალის ფასი, კომპანიამ მომსახურების ფასებიც დააკორექტირა. შედეგად, EVENTOR-ში ქორწილის ღონისძების დაგეგმვა სრული სერვისით (100 პერსონიანი) დაახლოებით 20 000 ლარი ღირს. აღნიშნულ თანხაში შედის ღონისძიების გაფორმება, ცერემონია, ფოტო-ვიდეო გადაღება და სხვა.
ცნობისთვის, ღონისძიებების ორგანიზატორი EVENTOR ბაზარზე 6 წელია ოპერირებს.