ერეკლე კოკაია: ზამთარში Inn Group-ს თვეში ₾1.3-1.5 მლნ-ის შემოსავალი უნდა მიეღო
სასტუმროების ქართული ქსელი Inn Group-ის აღმასრულებელი დირექტორი ერეკლე კოკაია „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, რომ ზამთრის საკურორტო სეზონზე სასტუმროების დახურვის გადაწყვეტილება კომპანიისთვის ზარალიანი აღმოჩნდა.
მისი ინფორმაციით, კომპანიის გათვლებით, Inn Group-ს თვეში 1.3-1.5 მილიონი ლარის შემოსავალი უნდა მიეღო. კალკულაცია ადგილობრივ ტურისტებზე დაყრდნობით იყო გაკეთებული.
„ყველაფერზე თანახმა ვიყავით, ყველანაირ რეგულაციაზე, მით უმეტეს, რომ საკარანტინე ზონად ვმუშაობდით და ამის გამოცდილება გვქონდა. მაშინ პერსონალის ინფიცირების შემთხვევა არ გვქონია. შესაბამისად, ვიცით როგორ უნდა ვიმუშაოთ ისე, რომ საფრთხე არავის შევუქმნათ,“ - აცხადებს კოკაია.
სასტუმროების ქართული ქსელი Inn Group საქართველოს ბაზარზე 2015 წლიდან ოპერირებს. კომპანიის პორტფელშია სასტუმროები თბილისში, ბაკურიანსა და გუდაურში.
რაც შეეხება შეზღუდვებს, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, რამდენიმე თვეა დახურულია სამთო-სათხილამურო კურორტებზე არსებული სასტუმროები. 2021 წლის 1 თებერვლიდან კი აღდგენილია რეგულარული ფრენები.