ერეკლე კოკაია: მესამე ლოქდაუნის შემთხვევაში გაკოტრებული ბიზნესების რიცხვი გაიზრდება
Inn Group-ის აღმასრულებელი დირექტორი ერეკლე კოკაია „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, რომ სასტუმრო ბიზნესისთვის შეზღუდვების გამკაცრება დამღუპველი იქნება. მისი ინფორმაციით, სექტორი მესამე ლოქდაუნს ვეღარ გადაიტანს.
„მთელი ფინანსური რესურსები ამოიწურა ჯერ კიდევ მეორე ლოქდაუნის დროს და ახლა რაიმე ალტერნატივა თუ არ გამოგვინახეს, სიტუაცია იმაზე რთული იქნება ვიდრე დღეს არის. რამდენიმე თვე დაგვჭირდება გარკვეული დოზით ტურიზმის აღსადგენად. თუ ჩაკეტვები თავიდან დაიწყება, გამოვა, რომ მთელი ეს 2 თვე რაც ვიმუშავეთ, წყალში გადაიყარა,“ - აცხადებს კოკაია.
მისი ინფორმაციით, ბაკურიანსა და გუდაურში ძალიან ბევრი სასტუმრო და რესტორანი არ გახსნილა. აქედან ზოგი გაკოტრდა და იყიდება. მესამე ლოქდაუნის შემთხვევაში გაკოტრებული ბიზნესების რიცხვი კიდევ უფრო გაიზრდება.
Inn Group-ის აღმასრულებელი დირექტორი აცხადებს, რომ არსებობს რენეკომენდაციები და წესები, რომელიც სახელმწიფოს მხრიდან უფრო მეტად შეიძლება გაკონტროლდეს. კოკაია აცხადებს, რომ სხვისი მხრიდან წესების დარღვევის გამო, სხვა არ უნდა ზარალდებოდეს.
მისი ინფორმაციით, ამჟამად ჯგუფში შემავალი ყველა სასტუმრო მუშაობს, თუმცა ნაკლები აქტვივობით. გაანსაკუთრებით დაბალია დატვირთულობა თბილისში და ის 5-6%-ს ვერ სცდება. 200 ნომრიდან მხოლოდ 10-ია დაკავებული.
„ჩვენ კიდევ ვაგრძელებთ მუშაობას, დაკავებულობა მაღალი არ არის, თუმცა, იმედი გვაქვს, რომ დროთა განმავლობაში შემოვლენ უცხოელი ტურისტები და ტურიზმიც აღდგება“-აცხადებს კოკაია.
შეგახსენებთ, ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ხვალ საკოორდინაციო საბჭოს სხდომა გაიმართება, სადაც დამატებითი რეგულაციების საკითხს განიხილავენ.
“ეპიდვითარება რთულდება. დაწესებული შეზღუდვების აღსრულებაზე კონტროლი გამკაცრებულია. აგრეთვე მნიშვნელოვანია საზოგადოების აქტიური ჩართულობა - პირბადის გამოყენება, დისტანციის დაცვა, რათა ინფექციის გავრცელების დროული შეკავება მოხდეს", - განაცხადა ტიკარაძემ.