ბიზნესი
22/04/2021

ერეკლე კოკაია: COVID პასპორტის შემოღება აღადგენს ტურიზმს და ეკონომიკას

Inn Group-ის აღმასრულებელი დირექტორი  ერეკლე კოკაია jandacva.ge-სთან საქართველოში COVID-19-ის პასპორტის მობილური აპლიკაციის შესაძლო ამოქმედდებაზე საუბრობს და აცხადებს, რომ ინიციატივა კარგია და მისი იმ ფორმით განხორციელება, როგორც დაანონსებულია, ხელს შეუწყობს როგორც ტურიზმის, ისე ეკონომიკის აღდგენას.

„კერძო სექტორმა Covid-19-ის პასპორტის ინიციატივა რამდენიმე თვის წინ წარმოადგინა. იმისთვის რომ ინდუსტრიას რაიმე ფორმით შეღავათი ჰქონდეს და ამოისუნთქოს, აუცილებელია შეზღუდვები რაღაცით შემსუბუქდეს, თუნდაც მცირედით. განსაკუთრებით, სწორი იქნებოდა შეზღუდვების მოხსნა გავრცელებულიყო იმ ადამიანებზე, ვინც უკვე აიცრა. ეს უნდა ვრცელებოდეს როგორც საქართველოს მოქალაქეებზე, ისე უცხოელებზე. ეს ეკონომიკასაც შეწყობს ხელს და ტურიზმის აღდგენასაც", - აცხადებს კოკაია.

მისი ინფორმაციით, ამჟამად ჯგუფში შემავალი ყველა სასტუმრო მუშაობს, თუმცა ნაკლები აქტვივობით. განსაკუთრებით დაბალია დატვირთულობა თბილისში და ის 5-6%-ს ვერ სცდება. 200 ნომრიდან მხოლოდ 10-ია დაკავებული.

„იმედი გვაქვს, დროთა განმავლობაში შემოვლენ უცხოელი ტურისტები და  ტურიზმიც აღდგება,“ - აცხადებს კოკაია.

შეგახსენებთ, უახლოეს პერიოდში საქართველოში COVID-19-ის პასპორტის მობილური აპლიკაციის ამოქმედება იგეგმება.

იაშვილის კლინიკის დირექტორის, იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელის ივანე ჩხაიძის განმარტებით, აპლიკაცია საქართველოში უახლოეს მომავალში ჩაეშვება და, გარდა მოგზაურობისა, მას შესაძლოა, კაფე-რესტორნებში „საშვის“ ფუნქციაც ჰქონდეს. განიხილება ვერსია, რომ ორჯერადი აცრის ცნობით შესაძლებელი გახდეს, მაგალითად შაბათ-კვირას რესტორნებისა და კლუბების შიდა სივრცეებში შესვლა.