ბიზნესი
16/08/2022

ELMA-ს თავის მოვლის ორგანული საშუალებები – როგორია ქართული კომპანიის გეგმები

იმისათვის რომ იყო განსაკუთრებული, უნდა გიყვარდეს ის, რასაც ქმნი და ასევე შექმნა ის, რაც ყველას სურს, სჭირდება და თავს განსაკუთრებულად აგრძნობინებს – სწორედ ამ იდეით შეიქმნა ქართული კომპანია ELMA.

თავის მოვლის საშუალებების ბრენდი ELMA ამ ეტაპზე ქალისა და მამაკაცის ხაზის მიმართულებით 100-მდე დასახელების ორგანულ პროდუქტს აწარმოებს.

"სურნელი, დახვეწილობა, სილამაზე, საჭიროება, ამ შტრიხების ერთობლიობა ქმნის ELMA-ს პროდუქტებს და ხდის მას განსაკუთრებულს. თითოეული პროდუქტის შექმნა შემოქმედებითი პროცესი და ჩვენი გუნდის დაუღალავი შრომის შედეგია.

ყველაფერი 2020 წელს საპნის შექმნის იდეით დაიწყო. საპონი არის ის, რაც თითოეულ ადამიანს სჭირდება ყოველდღიურობაში. საპნის წარმოება იმდენად ფართო სფეროა, რომ შეგიძლია ნებისმიერი გემოვნების ადამიანს მოარგო, ნებისმიერი კანის ტიპს. პროდუქტებმა თავიდანვე დაიმსახურა დიდი ინტერესი და მოწონება საზოგადოებაში, რამაც მომცა სტიმული, რომ გამეზარდა წარმოება ქალისა და მამაკაცის ხაზზე. საქართველოში დიდი კონკურენციაა ქალის თავის მოვლის საშუალებებზე, თუმცა ELMA-ს მამაკაცის ხაზი ერთ-ერთი უკონკურენტოა და მომხმარებელზე 100%-ით არის მორგებული," – ამბოს მაკო მახარობლიძე.

კომპანიას სახის, თმის, ტანის მოვლის სშუალებებთან ერთად, გაყიდვაში აქვს 100%-ით ნატურალურ აქსესუარებსა და სასაჩუქრე ბოქსები, რომლის შექმნაც მომხმარებლებს საკუთარი გემოვნებით შეუძლიათ. ELMA–ს მამაკაცებისთვის წვერის მოვლის ხაზსაც აწარმოებს. მნიშვნელოვანია, რომ პროდუქცია მზადდება 100%-ით ორგანული ინგრედიენტებისგან და ეკოლოგიურად სუფთა შეფუთვა აქვს.

"ვცდილობთ ახლოს ვიყოთ მომხმარებელთან და გავითვალისწინოთ მათი სურვილები. ასევე, გვაქვს სპეციალური შეთავაზებები კომპანიებისთვის, რაც კორპორატიულ შეკვეთებს გულისხმობს. ცალკეული პროდუქციის ფასი 3-დან 40-50 ლარამდე მერყეობს, ნაკრებების ფასი 50-დან 250 ლარამდე და მეტი. გაიზარდა ცნობადობა, ნდობა და ინტერესი მომხმარებლის მხრიდან. ამ ეტაპზე პროდუქტები მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომია, როგორც სოციალურ ქსელში, ასევე სააფთიაქო ქსელში, რამდენიმე ესთეტიკურ ცენტრში და აუზზე. გვაქვს მიმდინარე მოლაპარაკება რამდენიმე კომპანიასთან. 

ამ დროის მანძილზე, განსაკუთრებით პანდემიის პერიოდში, ყველაზე დიდი ბარიერი, რაც გადავლახე საკმაოდ კონკურენტულ გარემოში საკუთარი თავის დამკვიდრება იყო. ყველაზე დიდი მარკეტინგული გათვლა, რაც განვახორციელე იყო ის, რომ მოვიძიე დაფინანსების წყარო და გავაკეთე ELMA–ს რებრენდინგი. მოკლე დროში შევქმენი პროდუქტის ისეთი ვიზუალი, რომელიც არ ჩამოუვარდება მსოფლიო კოსმეტიკურ ბაზარზე არსებულ წარმატებულ და აღიარებულ ბრენდებს," – აღნიშნავს მაკო მახარობლიძე.

კომპანიის დამფუძნებელი "ბიზნესპარტნორთან" სამომავლო გეგმებზეც საუბრობს. მისი თქმით, აუცილებლად იგეგმება შოურუმის გახსნა და დამატებითი დაფინანსების მოძიება.

სხვადასხვა კომპანიასთან თანამშრომლობისთვის მუდმივად მზად ვართ. აქტიურად ვჩნდებით ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე ყველა აქტივობაში, როგორიც არის, ქალი მეწარმეების ხელშეწყობის პროექტები, ბიზნესის მხარდაჭერის პროექტები, სემინარები, ცოდნის ამაღლების მიზნით და სხვა. კომპანიის პრიორიტეტი, პირველ რიგში, საქართველოში თავის დამკვიდრებაა და შემდეგ უკვე საზღვრებს გარეთ," – აცხადებს კომპანია ELMA–ს დამფუძნებელი მაკო მახარობლიძე.