ბიზნესი
02/02/2021

ელექტრომობილების მფლობელთათვის E-space-ის დამტენებით მომსახურება ფასიანი ხდება

E-space-ის ელექტრომობილების დამტენი მოწყობილობები, რომლითაც ამ დრომდე მომხმარებელი თანხის გადახდის გარეშე სარგებლობდა, ფასიანი ხდება.

100 კილომეტრის დასაფარად საჭირო ელექტროენერგიის მიღებას 8-9 ლარი დასჭირდება.

როგორც „ბიზნესპარტნიორთან“ კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი, ავთანდილ შავიშვილი აცხადებს, ეს გადაწყვეტილება ბაზრის გაჯანსაღებას შეუწყობს ხელს.

„ჩვენს ქსელში სწრაფი დამტენებით სარგებლობა ფასიანი იყო, ხოლო ქალაქის ნელი დამტენები უფასო. თებერვლის შუა რიცხვებიდან ეს დამტენებიც ფასიანი გახდება. 100 კილომეტრის მუხტისთვის საჭირო ელექტროენერგიის მიღება მომხმარებელს დაახლოებით 8-9 ლარი დაუჯდება. ბიზნესის განვითარების მიზნით, მომხმარებლებს ამ მომსახურებას, დაახლოებით სამი წელი, უფასოდ ვაწვდიდით. თუმცა, რაღაც პერიოდის შემდეგ პირიქით მუშაობს, ბაზარი ფუჭდება და უკუეფექტს იძლევა. საჭიროა, დამტენის ეფექტურ გამოყენებაზე დავიწყოთ ზრუნვა. პრობლემებია, რომ ხშირად ერთი ადამიანი ტენის მუდმივად და სხვას არ აძლევს წვდომის საშუალებას. შესაბამისად, როდესაც ფასიანი ხდება, მისი მოხმარება და გადანაწილებაც უფრო ეფექტური იქნება. ბაზარს დაეხმარება, რომ ახალი მოთამაშეები შემოვიდნენ. ძალიან რთულია, ახალი მოთამაშე შემოვიდეს, როდესაც ამ ბიზნესში შემოსავალი არ გენერირდება“,- აღნიშნა შავიშვილმა.

ელექტრომობილებზე მოთხოვნა ბოლო პერიოდში გაზრდილია. 2020 წლის დეკემბრის მონაცემებით, ქვეყანაში 2 485-ზე მეტი ელექტრომობილია რეგისტრირებული, რაც E-Space-ის მონაცემებით, რეგიონში ერთ სულ მოსახლეზე საუკეთესო შედეგია. ამ დროისთვის საქართველოში 150-ზე მეტი დამტენია დამონტაჟებული. აღსანიშნავია, რომ ბოლო მონაცემების თანახმად, მსოფლიოში მათი წარმოება 40%-ით არის გაზრდილი, ელექტრომობილებისა და ჰიბრიდების ჯამური რაოდენობა კი ბაზრის 4%-ს შეადგენს. 

E-Space-მა, რომელიც აერთიანებს ელექტრომობილების დამტენების ქსელს, პირველი საჯარო დამტენი 2016 წელს განათავსა, როდესაც ჯერ კიდევ 5 ელექტრომობილი იყო ბაზარზე.