ბიზნესი
27/12/2021

ექსპორტზე ორიენტირებული საწარმოები გრანტით ისარგებლებენ - პროგრამის დეტალები

პროგრამა "აწარმოე საქართველოში" ფარგლებში ექსპორტზე ან იმპორტის ეტაპობრივად ჩანაცვლებაზე ორიენტირებული მცირე და საშუალო საწარმოები მიიღებენ გრანტს სესხის 20%-ით. 

ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, ეს განხორციელდება ახალი პროგრამის ფარგლებში, რომელსაც საქართველოს მთავრობა ევროკავშირთან ერთად 4 საპილოტე რეგიონში განახორციელებს. ესენია: კახეთი, იმერეთი, გურია, რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთი. 

"ჩვენი კომპონენტია მიკრო და მცირე ბიზნესის დახმარება, ვისაც შეიძლება სესხი აღებული ჰქონდეთ 50 000 ლარიდან 1.5 მლნ ლარამდე. "აწარმოე საქართველოს" ფარგლებში მოვახდენთ არა მხოლოდ სესხის პროცენტის სუბსიდირებას და თანაგარანტირებას საკრედიტო საგარანტიო სქემით, არამედ დავუმატეთ ყველას კიდევ გრანტკომპონენტი, სესხის 10%-ის ოდენობით. ხოლო ის დარგები, რომლებიც ამ 4 რეგიონში განვითარდება, იქნება ექსპორტზე, ან იმპორტის ეტაპობრივ ჩანაცვლებაზე ორიენტირებული, მიიღებენ გრანტს სესხის 20%-ის ოდენობით", - აღნიშნა ნათია თურნავამ. 

ინფორმაციისთვის, მთავრობა ევროკავშირთან ერთად 2022 წლიდან ახალი პროგრამის განხორციელებას იწყებს, სადაც ეკონომიკის სამინისტროსთან ერთად ჩართულები არიან სოფლის მეურნეობის და ინფრასტრუქტურის სამინისტროები. პროგრამის ბიუჯეტი 15 მლნ ევროზე მეტია, მაგრამ ის განაწილებულია რამდენიმე წელზე და რამდენიმე მიმართულებით.