ეკონომიკის სამინისტრო წყალტუბოში არსებულ უძრავ ქონებას გასასხვისებლად ამზადებს
ეკონომიკის სამინისტრო წყალტუბოში არსებულ უძრავ ქონებას გასასხვისებლად ამზადებს, რომლის შედეგადად საკურორტო ქალაქში მაღალი დონის სასტუმროები მოეწყობა.
"წყალტუბოზე ვსაუბრობთ, როგორც პერსპექტიული განვითარების საკურორტო ქალაქზე, რომელიც აღჭურვილი იქნება ქალაქისთვის დამახასიათებელი ფუნქციებით. არის ფუნქციები, რომელიც დღეს არ არსებობს და აუცილებლად უნდა არსებობდეს. ეს ყველაფერი კეთდება გარემოს დაცვითი და ასევე კულტურული მემკვიდრეობის შესაბამისი მოთხოვნების დაცვის პირობებში.
მთლიანობაში ღრმად შინაარსიანი დოკუმენტი გვაქვს. რა თქმა უნდა საერთაშორისო პრაქტიკა გათვალისწინებულია. აღნიშნული კონცეპტუალური დოკუმენტი არის საფუძველი იმისთვის, რომ უკვე ერთიანი ხედვის ფარგლებში მოხდეს შესაბამისი სანატორიუმების განვითარება, ეკონომიკური ნაწილიც დამუშავდა. ეკონომიკის სამინისტრო ამზადებს შესაბამის ქონებებს გასასხვისებლად, რომლის შედეგადაც მაღალი დონის სასტუმროები გვექნება", - აღნიშნა რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ.
მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფომ წყალტუბოში მდებარე სანატორიუმებსა და შენობების საპრივატიზაციოდ გამოტანაზე არაერთგზის განაცხადა, თუმცა კონკრეტულად როდის გამოიტანენ ობიექტებს გასასხვისებლად ეს ჯერჯერობით უცნობია.
მთავრობის დაანონსების მიხედვით თუ ვიმსეჯელებთ, განახლებულმა წყალტუბომ ტურისტების მიღება 2024 წლიდან უნდა შეძლოს, თუმცა ეს პანდემიამდე არსებული გეგმა იყო. თავიდან ითქვა, რომ წყალტუბოში არსებულ სახელმწიფო ქონებას ბიზნესს საბაზრო ფასად შესთავაზებდა, დაანონსდა კიდეც რომ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 15 ობიექტის ფასი 47,5 მლნ ლარია.
ბიძინა ივანიშვილის ინიციატივა წყალტუბოს განვითარებასთან დაკავშირებით, ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ არერთხელ შეაფასა, აღნიშნა, რომ ივანიშვილის სოციალური ქველმოქმედების განხორციელების ინიციატივამ ძლიერი სტიმული შექმნა ყველასთვის, მათ შორის, იმ კონკრეტული ბიზნესებისა და ინვესტორებისთვის, რომლებიც უკვე ფლობენ წყალტუბოში სასტუმროებს თუ სანატორიუმებს, მაგრამ სხვადასხვა მიზეზთა გამო დღემდე ინვესტიციის განხორციელება ვერ მოახერხეს.