"ეკო ბუნაგი" პროდუქციის გაყიდვას Amazon-სა და Etsy-ზე გეგმავს
"ეკო ბუნაგი", რომელიც საბავშვო ხაზით, ეკოლოგიურად სუფთა ხის ავეჯს, აქსესუარებს და სათამაშოებს აწარმოებს, პროდუქციის გაყიდვას Amazon და Etsy-ზე გეგმავს.
როგორც "ბიზნესპარტნიორთან" "ეკო ბუნაგის" თანადამფუძნებელი ნიკა გელაშვილი ამბობს, პროდუქციის დასამზადებლად ნატურალურ ხის მასალას იყენებენ - წიფელი, ცაცხვი, მუხა.
"ეკო ბუნაგის იდეა 2017 წელს დაიბადა და თითქმის 4 წელია წარმატებულად განვაგრძობთ საქმიანობას. ეკო ბუნაგის სახელოსნოში მხოლოდ საბავშვო ხაზით ვამზადებთ ხელნაკეთ, ეკოლოგიურად სუფთა, ნატურალური ხის ავეჯს, ბავშვის ოთახის ინტერიერისთვის საჭირო ხის სხვადასხვა აქსესუარებს და სათამაშოებს, თუმცა ამ ეტაპზე, დროებით, სანამ ჩვენი სახელოსნო კიდევ უფრო გაიზრდება და შესაბამისი კადრი შეირჩევა, ჩვენი ძირითადი საქმიანობა ხელნაკეთი, ხის, განმავითარებელი და ეკოლოგიურად სუფთა სათამაშოების სერიული წარმოებაა.
ეკო ბუნაგის სახელის მოფიქრებაზე ბევრი არ გვიფიქრია და საკმაოდ სიმბოლურიც გამოვიდა, რადგან თავიდანვე მტკიცედ გადავწყვიტეთ, რომ ჩვენს მიერ გამოყენებული მასალა იქნებოდა მხოლოდ ნატურალური ხე, ამ ხით კი ჩვენს პირად და ბუნაგივით მყუდრო ხის სახელოსნოში დავამზადებდით ნივთებს, რომლებიც ბავშვებს ძალიან გაახარებდათ", - აღნიშნა ნიკა გელაშვილმა.
მისი თქმით, "ეკო ბუნაგის" მიზანია, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქცია მხოლოდ ფუფუნების საგანი არ იყოს და მასზე ხელმისაწვდომობა ყველას ჰქონდეს.
ნიკა გელაშვილი მიიჩნევს, რომ ყველა ბავშვს სჭირდება ეკოლოგიურად სუფთა გარემო ჯანმრთელობისა და სწორი განვითარებისთვის.
"ჩვენი მთავარი იდეა სწორედ საბავშვო, ხელნაკეთი, ძირითადად მონტესორის პრინციპებზე აგებული, ეკომეგობრული ნივთების დამზადებაა, რაც საქართველოში ჯერ კიდევ იშვიათობას წარმოადგენს და თან რატომღაც ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი პირდაპირ უკავშირდება ფუფუნების საგანს, სინამდვილეში კი ეს ასე არ არის და ძალიან ვწუხვართ, რომ გარკვეული მიზეზების გამო ჩამოყალიბდა ეს აზრი. ბავშვებს სჭირდებათ ეკოლოგიურად სუფთა გარემო ჯანმრთელობისა და სწორი განვითარებისთვის. ვფიქრობ, ყველა მეწარმემ ეს კარგად უნდა გავიაზროთ და მაქსიმალურად ვეცადოთ მოვერგოთ პირველ რიგში ქართულ ბაზარს და შესაბამისად ქართველი ოჯახების ეკონომიკური მდგომარეობა გავითვალისწინოთ", - აცხადებს ნიკა გელაშვილი.
"ეკო ბუნაგის" პროდუქციის რეალიზება ამ ეტაპზე მხოლოდ ონლაინ ხდება, თუმცა უახლოეს მომავალში სათამაშოები რამდენიმე მაღაზიაში გაიყიდება და არა მხოლოდ თბილისში. სამომავლოდ, საკუთარი მაღაზიის გახსნას და პროდუქციის საერთაშორისო ბაზარზე გატანასაც გეგმავენ. მათი ხელნაკეთი ნივთები ორ ყველაზე პოპულარულ სავაჭრო ონლაინ პლატფორმაზე - Amazon და Etsy-ზეც გაიყიდება.
"მიუხედავად იმისა, რომ ახალწარმოებული სათამაშოების რეალიზაცია და მოთხოვნა საქართველოს მასშტაბით იმაზე დიდი აღმოჩნდა, ვიდრე წარმოგვედგინა, ამ ეტაპზე ვცდილობთ გზების გაკვალვას ორ, ყველაზე პოპულარულ სავაჭრო ონლაინ პლატფორმაზე, რაც ვფიქრობთ ძალიან დიდი წარმატების მომტანი იქნება ჩვენი კომპანიისთვის.