ბიზნესი
26/06/2023

"ეფეს საქართველო" წელს ლუდისა და უალკოჰოლო სასმელების სეგმენტებში მორიგ რეკორდულ ზრდას ელოდება

წელს „ეფეს საქართელო“ უცხოეთის ბაზრებზე 60 მილიონი ლიტრი უალკოჰოლო სასმელების ექსპორტს გეგმავს, წელს კი ეს მაჩვენებელი 45 მილიონ ლიტრს შეადგენდა.

ამის შესახებ გადაცემაში „ბიზნეს პოსტი“ ეფეს საქართველოს“ კორპორაციულ საქმეთა დირექტორმა ნიკოლოზ ხუნძაკიშვილმა განაცხადა.

„შარშან ისტორიული მაქსიმუმი გვქონდა. 45 მილიონი ლიტრის ექსპორტი იყო, რაც რეკორდული მაჩვენებელია, დღეს 25%-ით ვართ გაზრდილი და წლის ბოლოს 60 მილიონი ლიტრით დავასრულებთ,“ - განაცხადა ხუნძაკიშვილმა. მისი თქმით, კომპანია 25 ქვეყნაში ახორციელებს აღნიშნული პროდუქციის იმპორტს და, შესაბამისად, ბიზნესი დივერსიფიცირებულია.

რაც შეეხება ლუდის ბაზარს, ხუნძაკიშვილის განცხადებით, ამ კუთხითაც 2022 წელს ისტორიული მაქსიმუმი დაფიქსირდა და ბაზარმა 131 მილიონი ლიტრი შეადგინა, რომელშიც იმპორტზე მცირე წილი, დაახლოებით 8% მოდის.

„მოლოდინია, რომ წელს 5%-იანი ზრდით დავასრულებთ, რაც დიდი მიღწევაა. ამ ბაზრის ზრდა თითქმის მიუყვება ეკონომიკის ზრდას და ამ ორ მაჩვენებელს შორის კარგი კორელაციაა,“ - დასძინა ნიკოლოზ ხუნძაკიშვილმა.

მისი თქმით, ლარის კურსის რყევა პრობლემებს ძირითადად მცირე და საშუალო კომპანიებს უქმნის, რომლებიც ექსპორტზე არიან ორიენტირებულები, მსხვილი კომპანიები კი სიტუაციის დაბალანსებას ახერხებენ. ამასთან, მისი თქმით, ყველაზე მნიშვნელოვანია არა ის, თუ რა კურსია, არამედ - კურსის სტაბილურობა.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, სტაბილური კურსი იყოს ნებისნიერ ნიშნულზე - 3 იქნება თუ 2,5. თუ სტაბილურობას შევინარჩუნებთ, ბიზნესს კარგი განვითარება ექნება,“ - განაცხადა ნიკოლოზ ხუნძაკიშვილმა.

 

Businesspartner