ბიზნესი
07/04/2021

ძმები არველაძეები სამაცივრე მეურნეობას გურიაში 2022 წელს გახსნიან

ძმები, რეზი, შოთი და აჩი არველაძეები 2022 წლისთვის გურიაში სამაცივრე მეურნეობას მოაწყობენ, სადაც ლურჯი მოცვის ბაღებიდან მიღებული მოსავალი შეინახება.

როგორც კომპანია „ბლუბერი ფარმის“ თანადამფუძნებელი ეკა ვეფხვაძე განმარტავს, პროექტის შესახებ მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს, მათ შორის, ობიექტის პროექტირება.

„სამაცივრე მეურნეობაში მოხდება შენახვა-გაგრილება და პროდუქციისთვის საექსორტო სახის მიცემა,“ - აცხადებს ვეფხვაძე.

მისი ინფორმაციით, ბაღები გურიაში, სოფელ ლიხაურში 27 ჰექტარზეა გაშენებული. სამაცივრე მეურნეობაც მიმდებარე ტერიტორიაზე მოეწყობა.

 „ბლუბერი ფარმი“  ეტაპობრივად გეგმავს ბაღების 50 ჰა-მდე ათვისებას, საიდანაც მოსავალს (550 ტონა)  2023 წელს ელოდება.

მოცვის ბაღებიდან მიღებული პროდუქცია ძირითადად ექსპორტზე იქნება ორიენტირებული. მათ შორის, აზიის, არაბთა საემიროების და რუსეთის მიმართულებით.