ბიზნესი
31/05/2023

DRESSCODE აგვისტოდან მეჯვარის კაბების ხაზის დამატებას გეგმავს

საქორწილო მომსახურების ცენტრი DRESSCODE მიმდინარე წელს მეჯვარის კაბების ხაზს ამატებს. ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორს“ ცენტრის დამფუძნებელმა, ხათუნა დოჭვირმა განუცხადა.

მისი ინფორმაციით, ახალი კოლექცია აგვისტოს თვიდან გაყიდვაში ჩაეშვება  და მისი ღირებულება 1000 ლარის ფარგლებში იქნება.

რაც შეეხება წლევანდელ ტენდენციას, როგორც ცენტრის დამფუძნებელი აღნიშნავს, 2023 წელს მომხმარებელი უპირატესობას ბრჭყვიალა და სადა ქსოვილის კაბებს ანიჭებს.

„ფასები 300 ლარიდან და 15 000 ლარამდე მერყეობს. ღირებულება დამოკიდებულია კაბის მასშტაბსა და მასალაზე. ასევე გასათვალისწინებელია, რა სირთულისაა კაბა და ხელით ნამუშევარია თუ არა.

ჩვენ გვყავს ბევრი მომხმარებელი სხვადასხვა ქვეყნებიდან, მათ შორის  რუსეთიდან, იტალიიდან, საფრანგეთიდან, ამერიკიდან. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან ბევრი უცხოელი პატარძალი გვყავს," -აცახადებს დოჭვირი.

საქორწილო მზადება აპრილის თვიდან იწყება, ცენტრის დამფუძნებლის ინფორმაციით, ამ ეტაპზე კომპანიაში საკმაოდ ბევრი ჯავშანია, რაც იძლევა იმის თქმის საფუძველს, რომ  წელს ძალიან ნაყოფიერი და აქტიური სეზონი იქნება.

რაც შეეხება ფასებს, დაკორექტირდა, ცენტრის დამფუძნებლის განმარტებით, გაძვირდა როგორც ნედლეულის შემოტანა, ასევე აუცილებელი გახდა პერსონალისთვის ხელფასების მომატება, რამაც საბოლოო ჯამში გაზარდა კაბების თვითღირებულება. 

„ძალიან ბევრი ბაზარი მოვსინჯეთ.ამ ეტაპზე ნედლეული თურქეთიდან შემოგვაქვს, ვინაიდან ხარისხი და ფასი ერთმანეთთან თანხვედრაშია," -განმარტავს Dresscode-ის დამფუძნებელი.

Dresscode-ის კაბებზე მოთხოვნა სულ უფრო მზარდია, რის გამოც როგორც ცენტრის დამფუძნებელი ამბობს, მოსალოდნელია ბათუმში ახალი ფილიალის გახსნა. ასევე ამერიკისა და სომხეთის ბაზრების მხრიდან ინიციატივაა, რომ ბრენდი მათ ბაზარზეც შევიდეს.

ამ ეტაპზე აღნიშნულზე მხოლოდ მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

ცნობისთვის, საქორწილო მომსახურების ცენტრი Dresscode  ბაზარზე 10 წელია ოპერირებს, რომელიც მომხმარებელს საქორწილო კაბების ფართო არჩევანს სთავაზობს.

 

Businesspartner