"დომუსს" მაღალშემოსავლიანი მომხმარებელის ხარჯზე, გაყიდვები მხოლოდ 30%-ით შეუმცირდა
იპოთეკური სესხების სუბსიდირების პროგრამაზე, 2021 წლის გამოწვევებსა და მოლოდინებზე „ბიზნესპარტნიორთან“ სამშენებლო კომპანია „დომუსის“ დირექტორი ალექსანდრე კორძახია საუბრობს.
მისი განცხადებით, კომპანიამ მთავრობის მიერ შეთავზებული სესხის სუბსიდირების პროგრამით ვერ ისარგებლა, რადგან პროგრამით განსაზღვრული მოცულობა სცდება იმ ფასს, რომელსაც კომპანია მომხმარებელს სთავაზობს.
„ჩვენ უფრო პრემიუმ სეგმენტზე ვართ ორიენტირებული. თუმცა, როგორც ჩემთვისაა ცნობილი, პროგრანით ძალიან ბევრმა ისარგებლა და სურვილი აქვთ მომავალშიც გააგრძელონ. ვეთანხმები სხვა სამშენებლო კომპანიებს იმ ნაწილში, რომ სესხის სუბსიდირება მათი პროდუქტისთვის ერთადერთი სინათლეა პანდემიის პერიოდში“, - აცხადებს კორძახია.
მისი განცხადებით, გაყიდვები დაახლოებით 30%-ითაა შემცირებული, თუმცა მოთხოვნა მაინც არის. როგორც კორძახია აცხადებს, პანდემია ყველა სეგმენტს შეეხო, თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ „დომუსს“ მაღალშემოსავლიანი მომხმარებელი ჰყავს, გაყიდვების მნიშვნელოვანი კლება არ ყოფილა.
რაც შეეხება მოლოდინებს, კორძახია განმარტავს, რომ 2021 წელს, ისევე როგორც 2020-ში პანდემიამდელ პერიოდამდე გაყიდვების მაჩვენებელს კომპანია ვერ დაუბრინდება, დეფიციტის შევსებას კი ბანკებისგან მოზიდული სესხით გეგმავს,
„დომუსი“ წელს რამდენიმე ახალი პროექტის დაწყებასაც გეგმავს, მათ შორისაა, ჭავჭავაძის 31-ში შერეული ტიპის კომპლექსი. პროექტის საინვესტიციო ღიეებულება დაახლოებით 10 მლნ დოლარია.
დეველოპერული კომპანია “დომუსი“ ბაზარზე 2006 წლიდან ოპერირებს. ამ დროისთვის კომპანიას 5 მშენებარე პროექტი აქვს. მათ შორის, იპოდრომი 2 , იპოდრომი, ჭავჭავაძის 29, ფალიაშვილის 87 და ფალიაშვილის 114.
რაც შეეხება იპოთეკური სესხების სუბსიდირების პროგრამას, მის ფარგლებში ბანკებმა სესხების გაცემა 2020 წლის 1 ივლისიდან დაიწყეს. მაშინ ითქვა, რომ სახელმწიფო ბიუჯეტს ახალი ბინების საპროცენტო განაკვეთის დაფინანსება 70 მილიონი ლარი დაუჯდებოდა და მის ფარგლებში სესხების თანადაფინანსება 5 წელი გაგრძელდება.