დიოგენე: მომხმარებელი ონლაინ ყიდვას შეეჩვია
გამომცემლობა “დიოგენეს“ ხელმძღვანელი თამარ ლებანიძე „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, რომ მომხმარებელი პანდემიის პერიოდში ონლაინ შესყიდვას შეეჩვია. მისი განცხადებით, განსაკუთრებულ აქტივობას მაინც ახალგაზრდები იჩენენ.
როგორც ლებანიძე აცხადებს, დღევანდელი მდგომარეობით, გაყიდვები შემცირებულია, თუმცა, კომპანია გაჩერებული არ არის და იმ საერთო სიტუაციასთან შედარებით, მდგომარეობა ნორმალურია.
„შევეცადეთ და მეტ-ნაკლებად გამოგვივიდა კიდეც სიტუაციის დასტაბილურება. მიუხედავად ამისა, წარმატებისგან შორს ვართ.
გააქტიურდა ონლაინ ვაჭრობა, რაც ალბათ ყველამ გამოიყენა, ჩვენც 2020 წლის მაისის ბოლოს გავაკეთეთ ონლაინ მაღაზია, რომელიც ახლაც ფუნქციონირებს. მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნაც, რომ მოვიპოვეთ თანადაფინანსებაც, რაც რთული სიტუაციისგან გამოსვლაში დაგვეხმარა.
ახლა გამომცემლობის ძველი ვებ-გვერდი მუშაობს, თუმცა, არის პასიურ რეჟიმში. ონლაინ მაღაზია შევქმენით ცალკე, რომელიც აქტიურად ფუნქციონირებს. ახალი ვებ-გვერდი, რომელიც ახლა მზადდება და შემოდგომაზე ჩაეშვება, გულისხმობს მის არამარტო შინაარსობრივად განახლებას, არამედ, ჩაშენებული მაღაზიის ფუნქციის დამატებასაც. ანუ, ეს ორი საიტი, რომელიც ახლა ცალ-ცალკე არსებობს, გაერთიანდება, ამით საერთო ჯამში გაუმჯობესდება მომხმერებლთან კავშირი,“ -აცხადებს ლებანიძე.
“დიოგენს“ ხელმძღვანელი აცხადებს, რომ გამომცემლობა ისევ განიხილავს სამომავლოდ, წიგნის საკუთარი მაღაზიების გახსნას, თუმცა ეს გრძელვადიანი პერსპექტივაა.
გამომცემლობა "დიოგენე" 1995 წელს შეიქმნა და ერთ-ერთი პირველია დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში. ამ დროის განმავლობაში ასობით სხვადასხვა ჟანრის წიგნი გამოიცა. მათ შორის არის მსოფლიო ლიტერატურის კლასიკოსების და თანამედროვე მწერლების საუკეთესო ნაწარმოებების თარგმანები, ქართული და ნათარგმნი საბავშვო ლიტერატურა, სამეცნიერო და სასწავლო წიგნები, XX და XXI საუკუნის ქართველი მწერლების გამოცემები.