ბიზნესი
13/03/2023

დიდი ფერმების მიერ წარმოებული კვერცხი საშიშ ანტიბიოტიკებზე შეამოწმეს - შედეგები

თბილისში,დიდი ფერმების მიერ წარმოებული კვერცხი ანტიბიოტიკებზე შეამოწმეს. კვლევა "საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრმა" მომხმარებლის უფლებების დაცვის პროგრამის ფარგლებში ჩაატარა. კვლევის შედეგად,  8 ნიმუში შემოწმდა და არც ერთ მათგანში ანტიბიოტიკების ნარჩენები არ აღმოჩნდა.

როგორც „ბიზნესპარტნიორს“ "საქართველოს სტატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის" მომხმარებლის უფლებების დაცვის პროგრამის ხელმძღვანელმა ვახტანგ კობალაძემ განუცხადა, ეს დადებითი შედეგია, თუმცა დედაქალაქის მასშტაბით, კვერცხი მხოლოდ 3 ანტიბიოტიკზე შემოწმდა, შესაბამისად, ეს სრულ სურათს არ იძლევა ბაზარზე არსებულ ვითარებაზე.

„ჩვენ შევამოწმეთ მხოლოდ 3 ანტიბიოტიკზე იმიტომ, რომ შეუძლებელია ყველა ტიპის ანტიბიოტიკზე შემოწმება. ფარმაკოლოგიურად აქტიური ნივთიერები არის ასობით და ყველაფრის შემოწმება თითოეულ პროდუქტში ძალიან რთულია.

ჩვენ შევარჩიეთ ისეთი ანტიბიოტიკები, რომლებიც ჩვენი ინფორმაციით, იყო ფართოდ გავრცელებული და ასევე, ეს ანტიბიოტიკები არის აკრძალული. მათი გამოყენება მეცხოველეობაში დაუშვებელია. საბედნიეროდ, ეს ანტიბოტიკები არ აღმოჩნდა ჩვენ მიერ აღებულ ნიმუშებში. ეს კარგი შედეგია, მაგრამ დამშვიდების საფუძველს არ გვაძლევს იმიტომ, რომ სურსათის უვნებლობის კონტროლი უნდა იყოს სისტემატური პროცესი. შეიძლება დღეს იყოს პროდუქტი უვნებელი, მაგრამ ხვალ აღმოჩნდეს ერთი და იმავე ფირმის და ერთი და იმავე ბრენდის პროდუქტი მავნე“ - აღნიშნა ვახტანგ კობალაძემ.

მისივე ინფორმაციით, დღემდე სხვადასხვა ტიპის პროდუქტში, საქართველოში ანტიბიოტიკების შემცველობა მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება.

როგორც ვახტანგ კობალაძე ამბობს, მისი ორგანიზაციის მიერ ჩატარებულმა ამავე კვლევამ, აღებული 8 ნიმუშიდან, ორში ეტიკეტირების წესის დარღვევა გამოავლინა.

"მაღაზიებში გაყიდული კვერცხის სურსათში აკრძალული ანტიბიოტიკების შემცველობაზე“ კვლევა მიმდინარე წლის იანვარ-თებერვალში ჩატარდა.

 

 

 

Businesspartner