ბიზნესი
25/12/2020

დღგ-ს გადახდა ბინის ექსპლუატაციაში მიღების შემდეგ - მთავრობა ახალ პროექტს განიხილავს

დეველოპერული კომპანია “ბინადარის“ დამფუძნებელი გოგა ტალახაძე „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, რომ სახელმწიფოს აქვს ორი ინიციატივა, რომლის განხორციელება დეველოპერული ბიზნესისთვის დიდი შეღავათი იქნება.

საუბარია, იპოთეკური სესხის სუბსიდირების გაგრძელებასა და დღგ-ს გადახდის ვალდებულებაზე, რომელიც დეველოპერს მხოლოდ ბინის ექსპლუატაციაში მიღების შემდეგ მოუწევს. ტალახაძე აცხადებს, რომ სახელმწიფო აღნიშნულ პროექტზე მუშაობს.

„გაყიდული 10 ბინიდან, 5 - სუბსიდირების შედეგადაა გაყიდული. მიმაჩნია, რომ ამ პროგრამის გაგრძელება ძალიან მნიშვნელოვანია. აღნიშნული საკითხები ხელს შეუწყობს იმას, რომ დეველოპერებმა გადაწყვეტილება უფრო სწრაფად მიიღონ და ახალი პროექტები დავიწყოთ. ამით ფაქტობრივად საშუალება მოგვეცემა გამოვიყენოთ დღგ-ს თანხა,“ - აცხადებს ტალახაძე.

კონკრეტულად რას გულისხმობს მთავრობის ახალი პროექტი და რა ტიპის შეღავათებზე იქნება საუბარი,  „ბიზნესპარტნიორი“  პასუხებს ფინანსთა სამინისტროდან ელოდება. 

რაც შეეხება იპოთეკური სესხების  სუბსიდირების პროგრამას, მის ფარგლებში ბანკებმა  სესხების გაცემა 2020 წლის  1 ივლისიდან დაიწეს. მაშინ ითქვა, რომ  სახელმწიფო ბიუჯეტს ახალი ბინების საპროცენტო განაკვეთის დაფინანსება 70 მილიონი ლარი დაუჯდებოდა და მის ფარგლებში სესხების თანადაფინანსება 5 წელი გაგრძელდება.