ბიზნესი
26/03/2021

დღეს ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანება დაფუძნდება

26 მარტს, 19:00 საათზე სასტუმრო “რედისონ ბლუ ივერიაში“ ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანების დამფუძნებელთა კრება გაიმართება.

ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანების მიზანს, ორ ქვეყანას შორის საინვესტიციო და სავაჭრო თანამშრომლობის, ტურიზმის ხელშეწყობისა და კულტურული ურთიერთობების გაღრმავება წარმოადგენს. გაერთიანება ყაზახეთის საელჩოსა და ყაზახურ-ქართული ბიზნესის ერთობლივი ინიციტივითა და ძალისხმევით ფუძნდება, რომლის მთავარი ამოცანაა ერთობლივი ღონისძიებების შექმნა, რომელიც ორიენტირებული იქნება სწორედ ინვესტიციებზე, ვაჭრობაზე, ტურიზმსა და ორი ქვეყნის სოციალურ და კულტურულ ცხოვრებაზე.

მნიშვნელოვანია, რომ ორგანიზაციის დამფუძნებლები არიან საქართველოს ბაზარზე მოქმედი ყაზახური კაპიტალით შექმნილი ბიზნესკომპანიები და კორპორაციები: „სილქ როუდ ჯგუფი“, „ჰალიკ ბანკი“, „კაპიტოლ ჯგუფი“, „რომპეტროლი“, „ბათუმის ნავთობ ტერმინალი“, ავიაკომპანია „Air Astana” და „GK logistic“.

„ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანება ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროში პარტნიორობისა და ხალხებს შორის კულტურულ-მეგობრული ურთიერთობების გაძლიერებას. ჩემი, როგორც საპატიო კონსულის საქმიანობა მოიცავს, ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების ხელშეწყობას და საქართველოსა და ცენტრალური აზიის რეგიონის ქვეყნებს შორის ვაჭრობისა და ინვესტიციების ზრდას. “ - აღნიშნავს გიორგი ჯახუტაშვილი.

ღონისძიებას დაესწრებიან საქართველოში ყაზახეთის საელჩოს თანამშრომლები, გაერთიანების დამფუძნებელი ყაზახური კომპანიების წარმომადგენლები, მედია და სხვა დაინტერესებული პირები.

ცნობისათვის, საქართველოში ყაზახური კაპიტალით შექმნილი 30-მდე კომპანია ფუნქციონირებს, რომელთა ჯამური საინვესტიციო მოცულობა სცდება 450 მილიონ აშშ დოლარს. ამ კომპანიებში დასაქმებულია 3 500-ზე მეტი ადამიანი. ყაზახური კაპიტალის მონაწილეობით საქართველოში შეუფერხებლად მიმდინარეობს 30 მილიონი აშშ დოლარის საინვესტიციო მოცულობის პროექტები, ხოლო 70 მილიონის მომზადების პროცესშია, მათ შორის არის შოვის ბალნეოლოგიური კურორტი.