ბიზნესი
12/05/2023

"დეველოპერულ კომპანიებს ხმის იზოლაციის სისტემების დამონტაჟებას კანონი უნდა ავალდებულებდეს"

ევროპული და სხვა არაერთი ქვეყნისგან განსხვავებით, საქართველოში არ არსებობს სამშენებლო ნორმა, რომელიც დეველოპერულ კომპანიებს ხმის იზოლაციის სტანდარტების შესრულებას დაავალდებულებდა.

ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორთან“ საუბარში  ხმის იზოლაციის სერვისების კომპანია Akustiko-ს დამფუძნებელმა ავთანდილ კრავეიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ხმაურის მიმართულებით ქვეყანაში მხოლოდ 2015 წელს მიღებული კანონი არსებობს, რომელიც ხმაურის დასაშვები ნორმის გადაჭარბებაზე ჯარიმებს ითვალისწინებს, თუმცა მისი აღსრულებაც არაეფექტიანია.

კითხვაზე, აქვს თუ არა ეს საკითხი დარგს დაყენებული ხელისუფლების წინაშე, კრავეიშვილი ამბობს, რომ ამ ეტაპზე ეს თემა დღის წესრიგში არ დგას. ამის მიზეზი კი, მისივე განმარტებით, ისაა, რომ დეველოპერებისა და თავად მომხმარებელთა დიდი ნაწილის ცნობიერებაში ხმაურის საკითხი არაა აქტუალური და ძირითადად ფასების ზრდასთან ასოცირდება მიუხედავად იმისა, რომ ეს სერვისი, რომელიც პირდაპირ უკავშირდება ადამიანის ჯანმრთელობას, საბოლოო ტარიფს მხოლოდ 10%-ით აძვირებს.

„ბევრი აქვს სამუშაო კერძო სექტორსა და სახელმწიფოს. თუმცა კერძო სექტორი არ უნდა ელოდებოდეს სახელმწიფოს და თავად ნერგავდეს მაღალ სტანდარტებს,“ - განაცხადა ავთანდილ კრავეიშვილმა.

მისი თქმით, როდესაც კომერციული ორგანიზაცია არქიტექტურის სამსახურისგან მშენებლობის ნებართვას ითხოვს, მუნიციპალიტეტი ყურადღებას აქცევს ობიექტის არქიტექტურულ ნაწილს, მათ შორის იმას, სად უნდა დაიდგას ვენტილაციისა და კონდიცირების დანადგარები. თუმცა ხმაურის სტანდარტებზე კანონში ერთი ჩანაწერიც არ არსებობს.

კითხვაზე, რატომ არ ექცევა ამ საკითხს ყურადღება პროექტის შეთანხმების დონეზე, პასუხი ასეთია: "თუ მოსახლეობა მოგვმართავს, დავაჯარიმებთ,“ - აცხადებს ავთანდილ კრავეიშვილი.

ცნობისთვის: Akustiko 2014 წელს დაფუძნდა. კომპანია მომხმარებელს სთავაზობს აკუსტიკურ და ხმაურის აზომვებს,  პრობლემის იდენტიფიცირებას, რასაც მოჰყვება კომპიუტერული აკუსტიკური ანალიზი და თანმხლები აკუსტიკური გაანგარიშებები. ამის შემდეგ, კომპანია მომხმარებელს აწვდის დეტალურ ნახაზებს და მასალების სპეციფიკაციას, რომლის მიხედვითაც შესაძლებელია ხმის საიზოლაციო და აკუსტიკური სამუშაოების ჩატარება.