ბიზნესი
12/03/2021

DELFOS-მა საიუველირო საწარმოს გახსნა გადადო

მულტიბრენდულმა საიუველირო გალერეათა ქსელმა Delfos-ი საკუთარი წარმოების დაწყება პანდემიის გამო დროებით გადადო.

როგორც „ბიზნესპარტნიორს“ კომპანიის გენერალურმა დირექტორმა ნიკოლოზ კირვალიძემ განუცხადა, კომპანია პროექტს მას შემდეგ დაუბრუნდება, რაც ქვეყანასა და მსოფლიოში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა დასტაბილურდება.

„ვაკვირდებით სიტუაციას, ახალი პროექტების განხორციელებისგან ცოტა ხანი თავს შევიკავებთ. მნიშვნელოვანია, საერთაშორისო ბაზრებზე არსებული მდგომარეობაც, რადგან ჩვენს საიუველირო საწარმოში დამზადებული პროდუქცია ექსპორტზეც გავა, ამიტომ პარტნიორ ბაზრებზე არსებული ვითარებაც გასათვალისწინებელია,“ - აცხადებს კირვალიძე.

კომპანია საწარმოში მინანქრის პროდუქციას შექმნის ეროვნული ორნამენტებით, რომელსაც ქართველ მომხმარებელთან ერთად უცხოელ ვიზიტორებსაც შესთავაზებენ. კომპანიას საწარმოსთვის ფართი კომპანიას ლესელიძის ქუჩაზე აქვს შეძენილი.

მისი ინფორმაციით, საწარმოს ტერიტორიაზე მოეწყობა შოუ-რუმიც, სადაც ტურისტს ექნება საშუალება საწარმო დაათვალიეროს და წარმოების პროცესიც ნახოს. კირვალიძის ინფორმაციით, პროექტის საინვესტიციო ღირებულება 1.2 მლნ დოლარია.

Delfos-ის პირველი მაღაზია 2008 წელს გაიხსნა. კომპანია რეგიონების ჩათვლით 7 მაღაზიითაა წარმოდგენილი, მათ შორის 6-თბილისში, 1-ბათუმში. Delfos-ი ქართველ მომხმარებელს სთავაზობს უმაღლესი ხარისხის ოქროსა და ვერცხლის სამკაულების ფართო არჩევანს. კომპანია წარმოადგენს მულტიბრენდულ საიუველირო გალერეას იტალიური, ესპანური, ამერიკული, შვეიცარიული და რუსული ბრენდებით. მათ შორის, Roberto Bravo,GRAZIELLA Luxury,Assos,Amore&Baci  და სხვა.