"დედიკოს" პროდუქციაზე მოთხოვნა მზარდია
„დედიკოს“ ეკოლოგიურად სუფთა, ბუნებრივი მასალებისგან დამზადებულ ჩანთებსა და პანამებზე მოთხოვნა მზარდია.
როგორც სოციალური საწარმოს კომუნიკაციების მეჯერმა, ლიკა ჭიბოშვილმა „ბიზნესპარტნიორთან“ განაცხადა, მიუხედავად იმისა, რომ ბაზარი უკვე გაჯერებულია პატარა სამკერვალოებით, რომლებიც ჩანთებს ქმნიან, „დედიკოს“ პროდუქციის გაყიდვები მზარდია, მათ შორის ონლაინ არხების მეშვეობითაც.
„ხშირად ვიღებდით მონაწილეობას გამოფენებში, რომლებსაც უმეტესად უცხოელები სტუმრობენ. მათთვის ჩვენი გობელენით გაწყობილი ჩანთები პირდაპირ ასოცირდებოდა ქართულთან, ტრადიცულთან და ხშირად მიჰქონდათ თან. ყიდულობდნენ ახლობლებისთვისაც.
საკმაოდ ბევრი უცხოელი მომხმარებელი გვყავს. რეალიზაციის ყველაზე მაღალი მაჩვენებლები მაინც ზაფხულობით გვაქვს. ამ პერიოდში ქართველი მომხმარებლები უფრო ინტენსიურად ყიდულობენ ჩვენს ნაწარმს. მოთხოვნა მზარდია და გასულ თვესთან შედარებით, გაყიდვები 50%-ითაა გაზრდილი. ასევე გვქონია რამდენიმე მსხვილი კორპორატიული დაკვეთაც“, - აცხადებს ლიკა ჭიბოშვილი.
რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, სოციალური საწარმო აქტიურად მუშაობს ახალ მოდელებზე, რომლებიც გაყიდვაში უახლოეს პერიოდში ჩაეშვება. ამასთან, გეგმაშია საერთაშორისო ბაზრებზე გასვლა და ახალი სარეალიზაციო არხების დამატება.