ბიზნესი
06/04/2021

დავით ონოფრიშვილი: სადაზღვევო ინდუსტრიაში საბანკო სექტორის მსგავსი გამსხვილება არ გამოირიცხება

სადაზღვევო სექტორში კომპანიების გამსხვილების პროცესის დაწყებას არ გამორიცხავენ. როგორც დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა „ბიზნესპარტნიორს“ განუცხადა, გარკვეული პერიოდის შემდეგ ეს პროცესი გარდაუვალი იქნება.

„ჩვენ რომ ძალიან გავამკაცროთ მოთხოვნები კაპიტალზე ან გამოვიყენოთ სხვა მექანიზმები, მაშინ ზოგიერთ კომპანიას ნამდვილად გაუჭირდება და შეიძლება იფიქრონ შერწყმაზე ან გამორიცხული არაა, რომ რომელიმე მათგანი ბაზრიდანაც გავიდეს. ეს პროცესი რაღაც მომენტში, ალბათ, გარდაუვალი იქნება,“ - განაცხადა დავით ონოფრიშვილმა.

მისივე განმარტებით, სავალდებულო ხასიათის დაზღვევების ამოქმედდების შემდეგ სადაზღვევო ბაზრის ზრდაა მოსალოდნელი.

„ქვეყანაში ეტაპობრივად მესამე პირის დაზღვევის ვალდებულება ამოქმედდება, ასევე სხვა სავალდებულო დაზღვევის სახეობები შევა ძალაში. მაგალითად, ექიმების დაზღვევა, სამშენებლო ტიპის დაზღვევა და სიცოცხლის დაზღვევა, რომელიც ალბათ ერთი-ორი წლის შემდეგ საქართველოშიც მასიურად დაიწყება. სექტორს ნამდვილად აქვს რესურსი, რომ განვითარდეს. ამას ალბათ მოყვება გარკვეული გამსხვილებები, ისეთივე როგორიც საბანკო სექტორში დაახლოებით ოცი წლის წინ ვნახეთ,“ - აღნიშნა დავით ონოფრიშვილმა.

ცნობისთვის, ამ ეტაპზე საქართველოში 18 სადაზღვევო კომპანია ოპერირებს. 2020 წელს ბაზრის ლიდერი "ჯიპიაი“ იყო. სამეულში შედის „ალდაგი“ და „თიბისი დაზღვევა.“

Businesspartner