დათვიანი რანჩო: წლევანდელ სეზონზე 100%-იანი დატვირთვით ვმუშაობთ
ტურისტული ობიექტი "დათვიანი რანჩო“ 100%-იანი დატვირთვით მუშაობს.
როგორც "ბიზნესპარტნიორს“ "დათვიანი რანჩოს“ თანადამფუძნებელმა ივანე მინდორაშვილმა განუცხადა, იმის მიუხედავად, რომ კოტეჯი რუსი სტუმრების მასპინძლობაზე უარს ამბობს, ტურისტული ობიექტი მთელი სეზონის განმავლობაში მუშაობას აქტიურ რეჟიმში განაგრძობს.
"ძირითადად ადგილობრივი სტუმრები გვყავს, თუმცა ხშირია ტურისტები აღმოსავლეთის ქვეყნებიდან, მაგალითად გაერთიანებული საემიროებიდან, ასევე ჩინეთიდან, გერმანიიდან, პოლონეთიდან და ევროპის სხვადასხვა ქვეყნებიდან,“ - აცხადებს მინდორაშვილი.
ამ ეტაპზე ობიექტზე ორი კოტეჯია განთავსებული, რომელიც სრულადაა კეთილმოწყობილი და თითო კოტეჯს მაქსიმუმ 4 ადამიანის მასპინძლობა შეუძლია.
რაც შეეხება გამოწვევებს, ივანე მინდორაშვილის თქმით, პრობლემაა კოტეჯამდე მისასვლელი გზა, რომელიც ხშირად რეაბილიტაციას საჭიროებს. გამოწვევაა ასევე კადრები.
ტურისტული ობიექტი „დათვიანი რანჩო“ ბაზარზე გასული წლის ზამთარში გაიხსნა და ცხვარიჭამიაში, ზოოლოგიურ ცენტრთან მდებარეობს.