"დასუფთავება სათაკილო საქმიანობა აღარაა, ამდენი ეკონომისტი აღარავის სჭირდება"
დასუფთავების ბიზნესში დასაქმებულთა რაოდენობა იზრდება. ამასთან, ამ სფეროში მუშაობის მიმართ დამოკიდებულება ბოლო წლებში მნიშვნელოვნად, დადებითობისკენ შეიცვალა, ბიზნესის გამოწვევად კი დამკვეთი კომპანიების მხრიდან აქცენტის დაბალფასიან სერვისზე გაკეთება რჩება.
როგორც „ბიზნესპარტნიორთან“ საუბარში დასუფთავების კომპანიის „სუფთა სამყაროს“ დამფუძნებელმა აპოლონ გოლეთიანმა განაცხადა, ისინი აქცენტს ხარისხზე აკეთებენ, რაც, ბუნებრივია, დაბალფასიანი სერვისი ვერ იქნება.
„მთავარი კადრების თემაა - კადრის აყვანა რთული ხდება. ნორმალურ კადრზე მოთხოვნა ძალიან გაიზარდა და, შესაბამისად, იზრდება სახელფასო ფონდიც. ამას კი სერვისის გაძვირება მოჰყვება. ჩვენს კომპანიაში ანაზღაურება 1000 ლარიდან იწყება, თუმცა გვესმის, რომ დღევანდელ ვითარებაში ეს საკმარისი არ არის. ბაზარზე უამრავი კომპანიაა, რომლებიც კონკურენციის გაწევას ფასების შემცირებით ცდილობენ, მაგრამ ჩვენ ხარისხის შენარჩუნებისკენ წავედით. ჩვენ არ ვართ ყველგან, მაგრამ ვართ იმ კომპანიებში, რომლებსაც დასუფთავების მაღალი ხარისხის სერვისის მიღება სურთ,“ - აცხადებს აპოლონ გოლეთიანი.
მისივე თქმით, საქართველოში ბევრი არაა ისეთი კომპანია, რომელიც აცნობიერებს, რომ დასუფთავება მისი განვითარებისთვის ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც სხვა მიმართულებები, რადგან როდესაც კომპანიის ოფისში თუ ობიექტზე მომხმარებელი მიდის, მისი კმაყოფილების ერთერთი მთავარი კრიტერიუმი სისუფთავეა. ამაზე კომპანიის პრესტიჟია დამოკიდებული.
„დასუფთავების სამსახური აღარ აღიქმება სათაკილო საქმედ. შედარებას მოვიყვანდი მზარეულის პროფესიასთან, რომელიც წლების წინ არაპრესტიჟულ საქმიანობად ითვლებოდა, ახლა კი ცნობილი „შეფები“ საზოგადოებაში უდიდესი პოპულარობით და ავტორიტეტით სარგებლობენ. მომხმარებლები ფულს სწორედ ამაში იხდიან, ამდენი ეკონომისტი აღარავის უნდა. ადამიანები მიხვდნენ, რომ ყველა დირექტორი ვერ იქნება. ასევეა დასუფთავების სფერო: მოხდა იმის გაცნობიერება, რომ ეს მნიშვნელოვანი დარგია, რომელიც არა მხოლოდ უბრალოდ სისუფთავეს, არამედ უსაფრთხოებასა და ჯანმრთელობას უკავშირდება. როდესაც კომპანიებში უცხოელი პარტნიორები ჩამოდიან, ერთერთ მთავარ აქცენტს სწორედ სისუფთავაზე აკეთებენ. დღეს ამ სფეროში ძალიან ბევრი მოტივირებული კადრია, რომელიც ამაყობს მის მიერ შესრულებული სამუშაოთი და მაღალი ანაზღაურების შემთხვევაში მათი გადინების ტენდენციაც შეჩერდებოდა,“ - განაცხადა აპოლონ გოლეთიანმა.
მისი თქმით, „სუფთა სამყარო“ ბევრი მიმართულებით ვითარდება და უფრო სისტემატიზებული და ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული ხდება: მან შექმნა ტრენინგ-ცენტრი, ასევე დაიწყო ტექნიკური დავალებების დანერგვა, რაც შესასრულებელი სამუშაოს განსაზღვრასა და დაგეგმვას გულისხმობს. ასევე ხორციელდება მიმდინარე სამუშაოების ხარისხის ონლაინ-მონიტორინგი.
„სუფთა სამყარო“ დასუფთავების სფეროში უკვე 18 წელია ოპერირებს.
კომპანია მომხმარებელს სთავაზობს ნებისმიერი ფართის, შენობის, ოფისის, სავაჭრო თუ სხვა სივრცეების პროფესიონალურ დასუფთავებას, რომელიც მოიცავს ყოველდღიურ, ექსპრეს, გენერალურ და რემონტის შემდგომ დასუფთავებას. კომპანიას 1500-მდე ადამიანი ჰყავს დასაქმებული.