ბიზნესი
25/11/2021

დამბინძურებელი იხდის - რა ახალი ვალდებულებები დაეკისრება ბიზნესს 2022 წლის 1-ლი ივლისიდან

2022 წლის 1-ელი ივლისიდან გარემოს დაცვის კანონმდებლობის ფარგლებში ძალაში ახალი ცვლილებები შედის. რეგულაცია კერძო სექტორს ახალ ვალდებულებებს აკისრებს. კერძოდ, ამოქმედდება პრინციპი „დამბინძურებელი იხდის“, რომლის მიხედვით, საქმიანობის სუბიექტი ვალდებულია აანაზღაუროს მის მიერ გარემოსთვის მიყენებული ზიანი.

როგორც „ბიზნესპარტნიორთან“ სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, ნინო თანდილაშვილი განმარტავს, კანონს შემოაქვს მკაცრი პასუხისმგებლობის პრინციპი ისეთი საწარმოებისთვის, რომლებიც თავისი არსით არიან მაღალი რისკის ობიექტები და გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის პირველ დანართში ექცევიან.

„გარემოზე ზიანის მიყენების შემთხვევაში საწარმოებს მატერიალურად თანხის გადახდა კი აღარ მოუწევთ, არამედ თვითონ იქნებიან პასუხისმგებლები, რომ გარემოზე მიყენებული ზიანი გამოასწორონ და ამისთვის გაიღონ სათანადო სახსრები. ამ ზიანის გამოსწორების ღონისძიებები შეთანხმდება სამინისტროსთან. როდესაც ვიტყვით, რომ ეს არის სწორი გარემოსდაცვითი ღონისძიებები, კომპანიას დროში, კონკრეტული ვალდებულებები დაუწესდება და ამ გეგმას უნდა მიჰყვეს. თუ ასეთი საწარმოები ვალდებულებებს დაარღვევენ და დადგენილ ვადებში კონკრეტულ მოთხოვნებს არ შეასრულებენ, ძალიან მაღალი საჯარიმო სანქციების პირობებში მოექცევიან“,- განაცხადა თანდილაშვილმა.