ბიზნესი
13/04/2021

დახურვის გადაწყვეტილება კატასტროფის ტოლფასი იქნება - სავაჭრო ცენტრი "საბა"

სავაჭრო ცენტრ „საბას“ დირექტორი  პაატა კაჭარავა „ბიზნესპარტნიორთან“ ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გართულების შედეგად, შესაძლო რისკებზე საუბრობს. მისი განცხადებით, თუ მთავრობამ სავაჭრო ცენტრების და ზოგადად, ეკონომიკის დახურვის გადაწყვეტილება მიიღო, ეს კატასტროფის ტოლფასი იქნება.

როგორც კაჭარავა აცხადებს, ასეთ შემთხვევაში საზოგადოება ეკონომიკურად განადგურდება. მისი განმარტებით, ხელისფულებამ აუცილებლობის შემთხვევაში დამატებითი შეზღუდვების დაწესება სექტორულად უნდა განიხილოს.

“დაცულობის მხრივ, ისეთი დაცული ტერიტორია არავის აქვს საქართველოში და ფარგლებს გარეთ, როგორც ჩვენს სავაჭრო ცენტრს. 2 კვირაში ერთხელ, თანამშრომლები რომ იტესტებიან, აქედან დადებითი  არავინ ყოფილა. აფთიაქზე და კვების ობიექტზე მეტად ჩვენ გვაქვს დაცული ტერიტორია, ამიტომ ჩვენნაირი ტიპის ობიექტები არ უნდა დაიკეტოს,“ - აცხადებს კაჭარავა.

საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირების დღიური მაჩვენებელი დღეს მკვეთრად გაიზარდა და 1374 შეადგინა. გარდაიცვალა 11 ადამიანი. დადებითობის მაჩვენებელმა 3,66% შეადგინა, ბოლო 14 დღეში – 2,46%, ბოლო 7 დღეში კი 2,58%.