ბიზნესი
07/05/2021

დაფასდა აივნები, ტერასები - Oda-ს ახალი კონცეფციით პროექტი ოქტომბერში დასრულდება

პანდემიის პერიოდში დაფუძნებული დეველოპერული კომპანია Oda ახალი კონცეფციის პროექტს - „სახლი-სახლში“ 2021 წლის ოქტომბერში დაასრულებს.

როგორც კომპანიის  მარკეტინგის და გაყიდვების ხელმძღვანელი, ნინო ქესანაშვილი  „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, პროექტი  თბილისში, საბურთალოზე, ირაკლი გამრეკელის 35ა  ნომერში ხორციელდება.

მისი განმარტებით, ეს ადგილი განსაკუთრებულია, საბურთალოსთვის არადამახასიათებლად მშვიდი და მყდურო, გამოირჩევა თავისი ისტორიით, პერიოდულად იმართებოდა გამოფენები, რადგან მოსახლეობის ძირითად ნაწილს ხელოვანი ადამიანები წარმოადგენდნენ.

ქესანაშვილი Oda-ს ისტორიაზეც საუბრობს და აცხადებს, რომ ტრადიციული არქიტექტურის, განსაკუთრებით, ტრადიციული საცხოვრისის, ფორმირებაზე მრავალი ფაქტორი მოქმედებს, მათგან უმნიშვნელოვანესია ადამიანთა ცხოვრების წესი და ბუნებრივ-კლიმატური პირობები.

მისი განცხადებით, ოდა ხის სახლია, რომელსაც ჩვენი წინაპრები საქართველოს სხვადასხვა კუთხეში აშენებდნენ. ერთსართულიანი ოდები იდგა ქვის ან ხის ბოძებზე, რათა აერაცია მომხდარიყო, სახლს ისლით ხურავდნენ, ოდა წარმოადგენდა მხოლოდ ერთ, უფანჯრო ოთახს. მისი განათება ხდებოდა კარიდან შემოსული სინათლის მეშვეობით ან ოთახის შუაგულში არსებული ცეცხლის კერით. გამუდმებული კვამლის გამო ოთახი მთლიანად იჭვარტლებოდა და შავდებოდა, რის შედეგადაც ხე იღებდა დამწვარი ხის ფაქტურას.

„სწორედ ეს გახდა მიზეზი იმისა, რომ ისტორიის ნაპერწკალი გადმოგვეტანა ჩვენს პროექტში და ფასადი შევმოსეთ დამწვარი ხის მასალით, რომელიც ხაზს უსვამს არქიტექტურას და ძველ ისტორიას აღვიძებს თანამედროვე ერაში. ასევე შევქმენით უნიკალური პროდუქტი და გავითვალისწინეთ ბუხრის საკვამურები სახლებში, რომ ის სითბო და სიმყუდროვე პირველივე  პროექტში გაგვეცოცხლებინა.

ჩვენი კომპანია 2020 წლის 20 თებერვალს დაარსდა, ეს იყო ზუსტად ის პერიოდი როცა პანდემია  მწვავე ფაზაში შედიოდა. მივიღეთ გადაწყვეტილება,  არ გავჩერებულიყავით რაც არ უნდა მომხდარიყო,  ფორსმაჟრული გარემოება ყველაფერზე მოქმედებდა - ვგულისხმობთ სამშენებლო მასალების გაძვირებას, მოწოდების პირობებს, შიდა საკითხებს, თუნდაც კადრების გადაადგილებას. ამ გარემოებამ და ჩვენმა გადაწყვეტილებებმა  დიდი გავლენა იქონია კომპანიის ზრდა- განვითარებაზე”, - აცხადებს ქესანაშვილი.

სამომავლოდ, კომპანია Oda დამატებით ორი პროექტის განხორციელებას გეგმავს, დეტალებს კი უახლოეს მომავალში გააჟღერებს.

„ოდა“ მრავალფუნქციური კომპლექსების მშენებლობარ აპირებ, ქესანაშვილი აცხადებს, რომ კომპანიის მენეჯმენტის შეხედულება მასიურ განაშენიანებას ეწინააღმდეგება.

„საჭიროებაში იგულისხმება ადამიანის მიერ რამის ნაკლებობის  განცდილი გრძნობა, კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის შემდეგ, ყველზე მნიშვნელოვანი გახდა უსაფრთხო ადგილები, ნაკლებად დატვირთული, დაფასდა აივნები, ტერასები, ადამიანების უმრავლესობა უპირატესობას ანიჭებს კერძო სახლებს, შესაბამისად, თითოეული სახლისადმი გვაქვს განსხვავებული და განსაკუთრებული მიდგომა, სახლის გეგმარებას ვეპყრობით ინდივიდუალურად, რამაც გამოიწვია ის განცდა, სიმყუდროვე და კომფორტი -  იგრძნო თავი როგორც საკუთარ სახლში,“ - აცხადებს ქესანაშვილი.

შეგახსენებთ, კომპანიის დამფუძნებელი სოფიო ხოჯავაა.