Creadora საექსპორტო ბაზრის გაფართოებაზე მუშაობს
ტყავის ჩანთებისა და აქსესუარების ქართული ბრენდი, Creadora საექსპორტო ბაზრის გაფართოებაზე მუშაობს. ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორს“ ბრენდის კრეატიულმა დირექტორმა, დავით ვაშაკიძემ განუცხადა.
ვაშაკიძის ინფორმაციით, აქამდე კომპანია საცალო გაყიდვებს აშშ-ს, კანადისა და ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში ახორციელებდა, თუმცა მილანში გამართული გამოფენის შემდეგ, რომელშიც ბრენდი "აწარმოე საქართველოს" მხარდაჭერით მონაწილეობას იღებდა, აქტიური მოლაპარაკებები გერმანიისა და ამერიკის შეერთებული შტატების მსხვილ შემსყიდველებთან დაიწყო.
კომპანი ექსპორტს უახლოეს მომავალში სწორედ ამ მიმართულებით გეგმავს.
„ბრენდის პოპულარიზაციისთვის აქტიურად ვიღებთ საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობას.
ყველაზე დაბალი ფასი ჩვენს კოლექციაში იწყება 25 ლარიდან, რის გამოც საკმაოდ მაღალი ხელმისაწვდომობა გვაქვს, ამავდროულად მაღალბიუჯეტიანი კოლექციებიც გვაქვს, თუკი მომხმარებელი უნიკალური და რთული დიზაინებით არის დაინტერესებული. „- აღნიშნავს ვაშაკიძე.
აღსანიშნავია, რომ კომპანია პროდუქციის წარმოებაში იტალიური და თურქული წარმოების ტყავს იყენებს.
შეგახსენებთ, CREADORA ბაზარზე 2019 წლის მარტიდანაა წარმოდგენილი. კომპანიის საკოლექციო ხაზი მოიცავს ხელით შექმნილ ტყავის ჩანთებსა და აქსესუარებს.